დავით სერგეენკო - მაინც მრჩება განცდა, რომ ნიკა მელია კანონის მოთხოვნებს შეასრულებს
დავით სერგეენკო - მაინც მრჩება განცდა, რომ ნიკა მელია კანონის მოთხოვნებს შეასრულებს

მაინც მრჩება განცდა, რომ ნიკა მელია კანონის მოთხოვნებს შეასრულებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში, პარლამენტმაც და სასამართლომაც კანონიერი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„ნიკა მელიასთან დაკავშირებით როგორ განვითარდება მოვლენები, ეს დამოკიდებულია მხოლოდ მასზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მე მაინც მრჩება იმედი და განცდა, რომ ის კანონის მოთხოვნებს შეასრულებს. გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება, შეიძლება იყოს ერთადერთი – კანონიერი და სამართლიანი. აქ სხვა არჩევანი და პოლიტიკური შემადგენლები გვერდზე უნდა გადავდოთ. იყო მოსაზრებები, რომ არ მიიღოს გადაწყვეტილება არც სასამართლომ და არც პარლამენტმა, რომელიც პოლიტიკურ ვითარებას დაძაბავს. რეალობა ასეთია, რომ პარლამენტმა და სასამართლომაც კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ეს ერთადერთი გზაა. კონკრეტულად ეს ნაბიჯები რაში იქნება გამოხატული, ამას დრო გვაჩვენებს. იმედს ვიტოვებ, რომ საქმე რადიკალურ გადაწყვეტილებამდე არ მივა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურება. მელია აცხადებს, რომ თანხის გადახდას არ აპირებს.

დატოვე კომენტარი