დავით სერგეენკო - მამუკა ბახტაძემ დანიშვნისთანავე განაცხადა, რომ ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარება მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნებოდა
დავით სერგეენკო - მამუკა ბახტაძემ დანიშვნისთანავე განაცხადა, რომ ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარება მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნებოდა

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს თქმით, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დანიშვნისთანავე განაცხადა, რომ ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარება მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნებოდა. სერგეენკოს თქმით, ვალების განულების პროექტის სავარაუდო მოსყიდვად შეფასება არის ბრალდება, რომელსაც სერიოზული მოკვლევა და დამტკიცება სჭირდება.

დავით სერგეენკოს განცხადებით, ჭარბვალიანობა მოსახლეობის უმძიმესი ტვირთი გახდა.

„მიმდინარე წლის განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ამ პრობლემასთან ბრძოლა. რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა და პრემიერის დამტკიცებისთანავე, მან განაცხადა რომ მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნებოდა ამ პრობლემის მოგვარება. იმ ეტაპზე, რთული ან შეუძლებელი იქნებოდა იმის თქმა, თუ რა საშუალებებით იქნებოდა ეს განხორციელებული. ეს საშუალება ახლა გაჩნდა „ქართუ ფონდის“ მიერ და ამაზე უარის თქმა იმის გამო, რომ ეს ფაქტი შეიძლებოდა შეფასებული ყოფილიყო, როგორც მოსყიდვა, ამაზე უარის თქმა და ნახევარი მილიონი ადამიანის დატოვება მძიმე ფინანსური ტვირთის ქვეშ არასწორი იქნებოდა. ქრონოლოგიურად, როდის გამოხატა ფონდმა მზაობა, ჩემთვის უცნობია. უშუალოდ არ ვმონაწილეობდი მოლაპარაკებაში. იყო რამდენიმე საკვანძო თარიღი. ივნისი, როცა დაანონსდა ინიციატივა, სექტემბერი, როცა გამწვავდა მსჯელობა საკითხზე და ბოლო თვეები, როცა მთავრობა მუშაობდა ამ საკითხზე.

ძალინ ხშირად ვისმენ განცხადებებს მოსყიდვასთან დაკავშირებით, ძალიან შეაჩვიეს ენა ისეთ ნათქვამს, როგორიცაა „ელიტური კორუფცია“, რომ მთავრობა კორუფციაშია. ესაა სერიოზული ბრალდებები, რომელსაც შესაბამისი მტკიცებულებები და მოკვლევა სჭირდება. ფაქტის შეფასება ყველას შეუძლია, მაგრამ დამტკიცება სასამართლოს პრეროგატივაა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.