დავით სერგეენკო - გივი მოდებაძეს აქვს რეალური განცდა, ხედვა და სურვილი, რომ სხვისი ტკივილი და სიხარული არ იყოს მისთვის განყენებული ცნება
დავით სერგეენკო - გივი მოდებაძეს აქვს რეალური განცდა, ხედვა და სურვილი, რომ სხვისი ტკივილი და სიხარული არ იყოს მისთვის განყენებული ცნება

დიდი პოტენციალი და შესაძლებლობები რომ რეალიზდეს, აუცილებელია, ქალაქს ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელსაც, გარდა იმისა, რომ აქვს მეურნის ხედვა, ჰქონდეს განცდა, თუ რას ნიშნავს სხვისი ტკივილი და გაჭირვება, – განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის, გივი მოდებაძის წარდგენაზე.

მისი თქმით, გივი მოდებაძეს აქვს რეალური განცდა, ხედვა და სურვილი, რომ სხვისი ტკივილი და სიხარული არ იყოს მისთვის განყენებული ცნება.

„ჩემთვის მართლაც დიდი პატივია თქვენთან ჩამოსვლა, თქვენთან ყოფნა და ურთიერთობა. მე ბევრი რამ მაკავშირებს თქვენს ქალაქთან, დაწყებული ჯერ კიდევ სტუდენტობიდან სპორტამდე. აქ ჩემი მეგობრებიც იმყოფებიან, ვისთან ერთადაც ახლაც მტეხავს ხოლმე მხარი თამაშების შემდეგ მაღაროს სტადიონზე. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ თბილი დახვედრისათვის და დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა. თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, თუ რამხელა ისტორია და შესაძლებლობა აქვს ამ ქალაქს. იმისათვის, რომ ის დიდი პოტენციალი და შესაძლებლობები რეალიზდეს, აუცილებელია, ქალაქს ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელსაც, გარდა იმისა, რომ აქვს მეურნის ხედვა, ჰქონდეს განცდა, თუ რას ნიშნავს სხვისი ტკივილი და გაჭირვება. ჩვენ წლების განმავლობაში ერთად ვმუშაობდით და ვიცი, მას აქვს ამის რეალური განცდა, ხედვა და სურვილი, რომ სხვისი ტკივილი და სიხარული არ იყოს მისთვის განყენებული ცნება. ბატონ გივი მოდებაძეს დადასტურებული აქვს თავისი განვლილი ცხოვრებით, რომ თითოეულმა თქვენგანმა იგრძნოს ნაბიჯები უკეთესობისკენ. მე გამოვხატავ დიდ პატივისცემას და მხარდაჭერას ამ ადამიანისადმი და ასევე, გიდასტურებთ უღრმეს პატივისცემას თითოეულ თქვენგანს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

„ქართულმა ოცნებამ“ ჭიათურაში მერის შუალედურ არჩევნებში გივი მოდებაძის კანდიდატურა წარადგინა.

ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.