დავით სერგეენკო - ღირსება ხელშეუხებელია და ზღვარი თმენის ვალდებულებასაც აქვს
დავით სერგეენკო - ღირსება ხელშეუხებელია და ზღვარი თმენის ვალდებულებასაც აქვს

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, დღეს, პარლამენტში მომხდარი ინციდენტი პროვოცირებული იყო. მისი თქმით, ღირსება ხელშეუხებელია და ზღვარი თმენის ვალდებულებასაც აქვს.

„ღირსება უზენაესი ღირებულებაა მთავრობის წევრისთვისაც და ნებისმიერი ადამიანისთვისაც. ღირსება არის ხელშეუხებელი და ზღვარი აქვს ყველაფერს, მათ შორის, თმენის ვალდებულებასაც. ცალსახად პროვოცირებული იყო, აქ ორი აზრი არ არის.

მთავრობის წევრები ყოველთვის მაქსიმალურად ვიკავებთ თავს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა ძალისხმევა გვჭირდება ამისთვის, მაგრამ ღირსება ხელშეუხებელია მთავრობის წევრისთვისაც და ჩვეულებრივი ადამიანისთვისაც, ყველაფერს აქვს ზღვარი“, – განაცხადა სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარლამენტში მთავრობის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრისას ნიკა მელიასა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის კამათს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მთავრობამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. დარბაზის დატოვებამდე, დაპირისპირება უფრო გამწვავდა და ნიკა მელიას პრემიერმა უცენზურო სიტყვებით მიმართა.

მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსთან“ შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთმა წარმომადგენელმა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლო.

დატოვე კომენტარი