არ დავარქმევდი, რომ გიორგი ქობულია მოხსნეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ცვლილებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
„არ ვარ განწყობილი, რომ ტერმინოლოგიური კორექტირებები შევიტანო, მაგრამ ასე არ დავარქმევდი, რომ მოხსნეს. მინისტრების ცვლილება წლების განმავლობაში სულ იყო და ნამდვილად ვიცი, რომ მომავალშიც იქნება. რაც შეეხება კონსულტაციებს, ვიცოდი რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა, თუმცა მე ამაში არ ვმონაწილეობდი, ეს არაა ჩვენი სამინისტროს ფუნქცია. კონსულტაციებზე წამოჭრილი არგუმენტები და ის ფაქტორები, რამაც ეს ცვლილებები გამოიწვია არ არის ჩემთვის ცნობილი“, – განაცხადა სერგეენკომ.
ამასთან, კითხვაზე, თავად თუ იყო კმაყოფილი გიორგი ქობულიას მუშაობით, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა: „ყველა კოლეგასთან კოლეგიალური ურთიერთობა მაქვს“. ხოლო კითხვაზე, იყო თუ არა პრემიერსა და ეკონომიკის ყოფილ მინისტრს შორის დაპირისპირება, სერგეენკომ აღნიშნა, რომ ეს მისთვის უცნობია.
„არ აქვს მნიშვნელობა, რა გვარია მინისტრი, მთავარია, როგორ ვითარდება დარგი“, – განუცხადა სერგეენკომ ჟურნალისტებს.
კითხვაზე, მიიღო თუ არა გიორგი ქობულიას გადაყენების გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა, დევით სერგეენკომ აღნიშნა: „მინისტრთა კაბინეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე გადაწყვეტილებას იღებს პრემიერ-მინისტრი“.
გიორგი ქობულიამ თანამდებობა გუშინ დატოვა და ეკონომიკის ახალ მინისტრად მისი მოადგილე ნათია თურნავა დაინიშნა.