დავით ქართველიშვილი – ანა წითლიძის განცხადება, რომ მოქალაქეებს უფლება აქვთ, დაიკავონ ნებისმიერი ადმინისტრაციული შენობა, თუ ხელისუფლებას მიიჩნევენ არალეგიტიმურად, სახელმწიფო დაწესებულებების დანაშაულებრივი გზით ხელში ჩაგდების გამართლებაა

23:35, 13.11.2026

ქართულ პოლიტიკურ რადიკალიზმში, როგორც ჩანს, ცნებების საბოლოო აღრევა მოხდა: პროტესტის უფლება თანდათან ხელისუფლების ხელში ჩაგდების უფლებად იქცა, ხოლო მთავრობასთან პოლიტიკური უთანხმოება – სახელმწიფო ინსტიტუტების „ოკუპირებულად“ გამოცხადების საფუძვლად, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, უსაფრთხოების ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ქართველიშვილის განცხადებით, „ნაცსექტის ერთ-ერთი მოლაპარაკე თავის, ანა წითლიძის განცხადება, რომ მოქალაქეებს უფლება აქვთ, დაიკავონ ნებისმიერი ადმინისტრაციული შენობა, თუკი ხელისუფლებას არალეგიტიმურად მიიჩნევენ, უკვე აღარ არის უბრალოდ მორიგი ოპოზიციური პოლიტიკური განცხადება, ეს არის სახელმწიფო დაწესებულებების დანაშაულებრივი გზით ხელში ჩაგდების საჯარო გამართლება“.

მისივე თქმით, წითლიძე პირდაპირ ადასტურებს, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებს მხარს უჭერდა და დღესაც იმავე პოზიციაზე რჩება.

„შედეგად ვიღებთ მეტად მოხერხებულ პოლიტიკურ კონსტრუქციას: ხელისუფლება თუ არ მოგწონს, შეგიძლია ის არალეგიტიმურად გამოაცხადო, სახელმწიფო დაწესებულებები – „ოკუპირებულად“, ხოლო მათი დაკავება – კონსტიტუციური უფლების რეალიზაციად. აქ მხოლოდ ერთი პრობლემაა: საქართველოს კონსტიტუცია ხელისუფლების შეცვლის ასეთ მექანიზმს არ ითვალისწინებს და ეს ზღვარი სრულიად კონკრეტულია. მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლება არ ნიშნავს სახელმწიფო დაწესებულებებში ძალით შეჭრის, მათი ბლოკირების ან მათზე საკუთარი კონტროლის დამყარების უფლებას. მეტიც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ კონსტიტუცია თავისთავად არ იცავს ობიექტების დაკავებისა და ბლოკირების უფლებას, ხოლო შეკრება, რომლის მიზანიც კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი შეცვლაა, კონსტიტუციური დაცვის ფარგლებს სცდება.

კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება 21-ე მუხლით არის გარანტირებული, ხოლო იმ პოლიტიკური პარტიების შექმნა და საქმიანობა, რომელთა მიზანიც კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივი შეცვლაა, 23-ე მუხლით არის აკრძალული.

ქვეყნის ძირითადი კანონის ამ კრიმინალურ ინტერპრეტაციაში, ჩემთვის განსაკუთრებით საყურადღებოა საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრის მანიაკალური მცდელობები არცთუ შორეულ წარსულში. როდესაც პოლიტიკური აქციის მონაწილეები ეროვნული ტელეკომპანიის შენობაში ძალით შეჭრას და მასზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ, ეს უკვე არც სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლაა და არც დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვა. ეს სახელმწიფო დაწესებულებაზე ფიზიკური კონტროლის დამყარების მცდელობაა. ამ ფონზე საქართველოს პოლიტიკური რეალობა აშკარად ტრაგიკომიკურ სახეს იძენს: ადამიანები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ დაკავშირებული ამ შტურმთან, დღესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ მმართველ ორგანოში იკავებენ ადგილებს. გამოდის, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საოცარი მოდელი: გუშინ – დაწესებულების ხელში ჩაგდების მცდელობა, დღეს – მის მართვაში მონაწილეობა, რალურად კი ამ მართვის ბოიკოტირება და საბოტაჟი. ნორმალურ პოლიტიკურ სისტემაში ასეთი წინააღმდეგობა, სულ მცირე, სერიოზულ საჯარო განმარტებას მოითხოვდა, ხოლო სინდისის არსებობის შემთხვევაში, მაქსიმუმ – საკუთარი უფლებამოსილების ვადამდე, ნებაყოფლობით დატოვებას“, – წერს ქართველიშვილი.

ამასთან, მისივე თქმით, დღეს ქართული პოლიტიკური რადიკალიზმის განვითარების დონე უკვე მხოლოდ პოლიტიკური მოწინააღმდეგის მიუღებლობით აღარ განისაზღვრება.

„საქმე გვაქვს სახელმწიფოს ინსტიტუციური არსებობის თავად პრინციპის უარყოფასთან, იმისდა მიუხედავად, თუ ვინ არის ხელისუფლებაში. ეს პოლიტიკური დეგრადაციის შემდეგი საფეხურია: ოპოზიცია აღარ მიიჩნევს ლეგიტიმურად არჩევნებს, პარლამენტს, სახელმწიფო დაწესებულებებსა და კონსტიტუციურ პროცედურებს, თუკი მათი გადაწყვეტილებები საკუთარ პოლიტიკურ მოლოდინებს არ ემთხვევა. მაგრამ დემოკრატია არ ნიშნავს დამარცხებულის უფლებას, სახელმწიფო საკუთარ საკუთრებად გამოაცხადოს. დემოკრატია საერთო წესების აღიარების ვალდებულებაა მაშინაც კი, როდესაც მიღებული შედეგი არ მოგწონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დემოკრატიის დაცვის ლოზუნგებით მისი საპირისპირო მოვლენა – პოლიტიკური თვითნებობა იბადება, როდესაც პროტესტის უფლებას სახელმწიფო გადატრიალების ლიცენზიად გარდაქმნას უპირებენ“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ დღეს განაცხადა, რომ „ხელისუფლება როდესაც არალეგიტიმურია, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, დაიცვან თავიანთი კონსტიტუციური უფლება, მათ შორის, ნებისმიერი ადმინისტრაციული შენობა დაიკავონ“.

მსგავსი