დავით ქაცარავა - გუშინდელი შემოსვლა რუსების უკან დაბრუნებით დასრულდა და მადლობა ამისთვის ხელისუფლებას, რომელმაც ყველა ბერკეტი გამოიყენა
დავით ქაცარავა - გუშინდელი შემოსვლა რუსების უკან დაბრუნებით დასრულდა და მადლობა ამისთვის ხელისუფლებას, რომელმაც ყველა ბერკეტი გამოიყენა

სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ აქტივისტები საოკუპაციო ხაზის დათვალიერების შემდეგ სოფელ ხურვალეთთან პოლიციის საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიას დატოვებენ. ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრმა დავით ქაცარავამ განაცხადა.

როგორც ქაცარავამ აღნიშნა, სადამკვირვებლო ჯგუფი შევიდა ხურვალეთში და ნახეს რა მდგომარეობა იყო ადგილზე.

„პირველი, რაც იყო უცნაური რომ ბაღების 80% იყო გაწმენდილი. ტერიტორიის დასუფთავება მოხდა გუშინ, თუმცა ვის მიერ უცნობია. მეორე – დაფიქსირდა ორი სამხედრო „პიკაპის“ გადაადგილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ასევე დაფიქსირდა საინჟინრო მანქანის გადაადგილება. ამ ეტაპზე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსების ყოფნა არ დაფიქსირდა. გუშინდელი შემოსვლა რუსების უკან დაბრუნებით დასრულდა და მადლობა ამისთვის ჩვენს ხელისუფლებას, რომელმაც ყველა ბერკეტი გამოიყენა ამისთვის. თუმცა რუსების განაცხადი იქნება კიდევ მცდელობა და ვფიქრობ, ამზადებენ პლაცდარმს, რომ შემდეგ მოახდინონ ამ ბაღების ბორდერიზაციის. ეს არის ჩემი სუბიექტური შეფასება“, – განაცხადა ქაცარავამ.

მისივე თქმით, ხურვალეთში მოსახლეობა სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არის, მათზე ზეწოლა მიმდინარეობს.

„მოვითხოვთ, სოფელ ხურვალეთში 24-საათიან რეჟიმში იყოს პატრულირება. ჩვენ ვეყრდნობით ლუდა სალიას და იმ მოსახლის განცხადებას, რომელმაც არ ისურვა სახელის გამჟღავნება. ჩვენ გავავრცელეთ ლუდას მოწოდებული ინფორმაცია. ასეთი აჟიოტაჟი ვიღაცის სიზმარზე და განცხადებაზე ვერ ატყდებოდა“, – აცხადებს დავით ქაცარავა.

სოციალურ ქსელში ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ის განცხადებით, უწყება არ ადასტურებდა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროების გადმოსვლა არ დაადასტურა არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.

დატოვე კომენტარი