დავით ნარმანია - მკაცრად უნდა დაისაჯონ პირები, რომელთა ბრალეულობაც გამოიკვეთება მეტროსადგურ „ვარკეთილის“ შემთხვევაზე
დავით ნარმანია - მკაცრად უნდა დაისაჯონ პირები, რომელთა ბრალეულობაც გამოიკვეთება მეტროსადგურ „ვარკეთილის“ შემთხვევაზე

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდართან დაკავშირებით ბევრ კითხვას გამოძიებამ უნდა უპასუხოს და მკაცრად დაისაჯონ ის პირები, რომელთა ბრალეულობაც გამოიკვეთება, – ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე ტენდერის გამოცხადების დროს საპროექტო დოკუმენტაცია არსებობდა და სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარებაზე კომპანიის მიმართ მითითებები არ ყოფილა. 

შემთხვევა არის ძალიან სამწუხარო, რასაც არანაირი გამართლება არ აქვს. მნიშვნელოვანია, გაირკვეს გამოძიებით რასთან გვქონდა საქმე. რაც ნამდვილად მახსოვს არის ის, რომ საპროექტო დოკუმენტაცია არსებობდა წინასწარ, რაზე დაყრდნობითაც გამოცხადდა ტენდერი, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა სამუშაოები. ასევე რაიმე სახის დაჩქარებასთან ან დროულად გაკეთებასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან მითითებები კომპანიის მიმართ არ ყოფილა.

„კომპანიას საკმარისი დრო და რესურსი ჰქონდა, რომ სამუშაოები ხარისხიანად ჩაეტარებინა. ალბათ, ძალიან ბევრ კითხვაზე გამოძიებამ უნდა გაგვცეს პასუხი და შესაბამისად, მკაცრად უნდა დაისაჯონ ის პირები, რომელთა ბრალეულობაც გამოიკვეთება. დეტალები უნდა ვკითხოთ სატრანსპორტო კომპანიას, ვინაიდან სატენდერო კომისიასა და შესაბამისად ობიექტთან დაკავშირებულ საკითხებს ზედამხედველობას უწევდა „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“.

ერთხელ ვიმყოფებოდი კიდეც ობიექტზე, ისევე როგორც ამ კომპანიის მიერ შესრულებულ წინა ობიექტზე “ახმეტელის” მეტროსადგურში. ჩვენ ამ მეტროსადგურების რეაბილიტაცია დავიწყეთ, რადგან იქ იყო ძალიან კრიტიკული მდგომარეობა, რეალურად, ამ სადგურებში აალების საფრთხე არსებობდა, ვინაიდან აალებადი მასალით იყო გაკეთებული და გარდა ამისა, ჩამოდიოდა წყალი, ამიტომ როგორც დადგენილი წესი იყო, შედგა საპროექტო დოკუმენტაცია, შემდეგ გამოცხადდა ტენდერი და გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა სამუშაოები. 

მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სხვა დეტალებზე, რაც მე არ მახსოვს და ვერ მემახსოვრება,რადგან მერიაში ძალიან ბევრი ასეთი სამუშაოები წარმოებდა, უმჯობესია, სატრანსპორტო კომპანიას მიმართოთ.

აქ პრაქტიკულად კოსმეტიკური სამუშაოები ჩატარდა და თვითონ შესყიდვების ღირებულებაც არ იყო მაღალი, მაგრამ რატომ გააკეთეს ასეთი ფორმით, ანუ ასეთი შეკიდული ფორმის ჭერი, რამ გამოიწვია ჩამონგრევა, ეს იყო უხარისხოდ შესრულებული თუ რა იყო მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს. მთავარ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით გამოძიება იტყვის თავის სათქმელს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია მიზანშეწონილად მიიჩნევს, მეტროსადგურ „ახმეტელში“ შესრულებული სამუშაოებიც გადამოწმდეს.

„ახმეტელის” მეტროში უფრო მეტი სამუშაოები შესრულდა, რადგან იქ პროექტით უფრო რთული მდგომარეობა იყო” – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა მოსაცდელში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა და 14 ადამიანი დაშავდა.

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

ვარკეთილის მეტროში ჭერის ნაწილი დღეს დილით ჩამოიშალა.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამშენებლო სამუშაო ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.