დავით მუჯირი - შესაძლოა, ბელარუსთან გულშემატკივრის დაშვებაზე სიახლე უეფას ვიდეოკონფერენციაზე გაჟღერდეს
დავით მუჯირი - შესაძლოა, ბელარუსთან გულშემატკივრის დაშვებაზე სიახლე უეფას ვიდეოკონფერენციაზე გაჟღერდეს

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განაცხადა, რომ უეფამ ახალი ვიდეოკონფერენცია დაგეგმა და შესაძლოა, იქ გადაწყდეს, დაუშვებენ თუ არა გულშემატკივრებს საქართველო-ბელარუსის შეხვედრაზე.

„სულ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ უეფამ 55 წევრიანი ფედერაციის მორიგი ვიდეოკონფერენცია 6 აგვისტოს დაგეგმა, სადაც შესაძლო ცვლილებებზე ვიმსჯელებთ. 9-10 აგვისტოს ევროთასების წილისყრაა, 18 აგვისტოს თბილისის „დინამოს“ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში აქვს. ქვეყნებს შორის გადაადგილება დღესაც პრობლემად რჩება. ალბათ, 6 აგვისტოს ამაზე ვიმსჯელებთ“, – ამბობს დავით მუჯირი.

დაუშვებენ თუ არა მაყურებელს ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაზე საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული გუნდების მატჩზე, რომელიც 8 ოქტომბერს გაიმართება? მუჯირმა ამის შესახებაც ილაპარაკა: „მე ვერ გავაქარწყლებ პესიმიზმს და ვერც ოპტიმიზმს შეგიქმნით, დაუშვებენ თუ არა ხალხს სტადიონზე, რადგან ოფიციალური პირი ვარ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კი იმ რეგულაციებს იცავს და იმ სცენარს მივყვებით, რომელიც უეფაშია დაგეგმილი. ამ კუთხით სიახლეები, შესაძლოა, 6 აგვისტოს უეფას ვიდეოკონფერენციაზე გაჟღერდეს“.

ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი აცხადებს, თუ რაზე იქნება უეფას გადაწყვეტილება დამოკიდებული: „ბევრი რამაა იმაზე დამოკიდებული, საკლუბო პირველობები როგორ აღდგება. მესმის, რომ ეს თემა დიდი ინტერესს იწვევს, თუმცა მანამდე არაერთი სანაკრებო დაპირისპირება გვაქვს. ჩვენი ნაკრები სექტემბერში ითამაშებს შინ და გარეთ, ახალგაზრდული ნაკრები საფრანგეთს მიიღებს, ხოლო 19-წლამდელები საფრანგეთში ელიტ-რაუნდზე გაემგზავრებიან. იმდენი თამაშია, რომ ამ საკითხზე, ალბათ, მსჯელობა 6 აგვისტოს მოგვიწევს. უეფას 31-გვერდიანი პროტოკოლი აქვს, თუ როგორ უნდა დაუბრუნდეს ევროპა ჩვეულ საფეხბურთო რეჟიმს“.