დავით მუჯირი - საქართველოს ფუტსალის ნაკრები გამონაკლისი არ უნდა იყოს, ნატურალიზებული ფეხბურთელები ბევრ ნაკრებში თამაშობენ #1TVSPORT
დავით მუჯირი - საქართველოს ფუტსალის ნაკრები გამონაკლისი არ უნდა იყოს, ნატურალიზებული ფეხბურთელები ბევრ ნაკრებში თამაშობენ #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა კომენტარი გააკეთა ევროპულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, უეფა საქართველოს ფუტსალის ნაკრებს ნატურალიზებული ლეგიონერებით თამაშს აუკრძალავს.

„ძალიან არასასიამოვნოა ის გარემოება, რაც ჩვენი ნაკრების გარშემო შეიქმნა, თუმცა ჩემთვის გაუგებარია ეს გადაწყვეტილება, მით უმეტეს, რომ თამაშამდე ერთი დღით ადრეა მიღებული.

ყველაფერს გავაკეთებთ ვითარებაში გასარკვევად. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ გუნდს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდი დასძლია.

ამ გუნდის წევრები საქართველოს მოქალაქეები არიან და გუნდს ხელი უნდა შევუწყოთ, რათა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი გამოვიყენოთ. მარტო ჩვენ არ გვყავს ნაკრები, სადაც ნატურალიზებული ფეხბურთელები თამაშობენ.

ამიტომ საქართველოს ნაკრები და ჩვენი ჯგუფი არ უნდა იყოს გამონაკლისი, ყველამ თანაბარ პირობებში უნდა ვითამაშოთ. ფედერაცია მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ჩვენს გუნდს მსოფლიოზე მოხვედრის შანსი მიეცეს.

აქ საუბარი სამომავლო პერსპექტივაზეა, როგორი გზით მოუწევს სიარული ფუტსალს არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც. ჩვენს კონტინენტზე, მინიმუმ, 10 ნაკრებია, რომელსაც ნატურალიზებული მოთამაშეები ჰყავს.

ყველაფერი დამოკიდებული იქნება გადაწყვეტილებაზე, რომელსაც უეფა-ს შესაბამისი კომიტეტი მიიღებს. უკვე შეგვპირდნენ, რომ ფუტსალის კომიტეტის შეხვედრა გაიმართება. იქ იქნება ყველა ქვეყანა, რომელსაც ნატურალიზებული ფეხბურთელები ჰყავს“, – ამბობს დავით მუჯირი.