დავით მათიკაშვილი - USIAD-ი და NED-ი რადიკალიზმს აფინანსებდნენ და არამხოლოდ საქართველოში, როცა ამ ყველაფერს ამერიკიდან გზა ჩაეკეტა, ახლა იმავეს გაკეთებას ევროპული ფონდებიდან ცდილობენ
ლორა თორნტონმა მთელ მსოფლიოს აღიარებითი ჩვენება მისცა. წინა საუკუნის 80-იან წლებში ჰელსინკის კომისიას დემოკრატიის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა, მაგრამ დღეს სრულიად დაცლილია ლოგიკისგან და „დიფ სთეითის“ ხელში მათი მიზნების განსახორციელებლად რაღაც ინსტრუმენტს წარმოადგენს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ კომისიაზე იწვევენ ადამიანს, ვინც ამერიკის პრეზიდენტს მოძალადეს უწოდებს.
„ცდილობენ, მის განცხადებებს წონა შეჰმატონ, მაგრამ აქედან არაფერი გამოვა. ლორა თორნტონმა პირდაპირ თქვა, რომ კანონმდებლობის დარღვევას და საქართველოში შავი ფულის შეტანას კიდევ უნდა შეეცადონ, რათა რადიკალები დააფინანსონ. მის ამ მიზნებსს პროგრესი არ ექნება, ჩვენს ქვეყანას ამისგან დავიცავთ. ლორა თორნტონი წუხდა, რომ საქართველოში ხელებს ვეღარ აფათურებენ, ამას როგორც მანამდე აკეთებდნენ, როცა USIAD-ი და NED-ი რადიკალიზმს აფინანსებდნენ და არამხოლოდ საქართველოში. როცა ამ ყველაფერს ამერიკიდან გზა ჩაეკეტა, ახლა იმავეს გაკეთებას ევროპული ფონდებიდან ცდილობენ. კანონი დაიცვან და კეთილ მიზნებს მწვანე შუქი ექნება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
„მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, ლორა თორნტონმა ჰელსინკის კომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე განაცხადა: „კანონები აუცილებლად შეზღუდავს დაფინანსების ნაკადს საქართველოში, მაგრამ დონორებმა იპოვეს კრეატიული გზები, ეს შეუძლებელი არ არის, თუმცა სარისკოა“.