დავით მათიკაშვილი – უცხოეთში მავანთ ქართული ეკლესია და საპატრიარქო ძალიან ეჩხირებათ ყელში, არაერთი მცდელობა იყო მათი მხრიდან, რომ ქართულ რეალობაში ეკლესიის მორალური პლაცდარმის როლი მოერღვიათ

17:26, 06.07.2026

დიდი ხანია, ვიცით, რომ უცხოეთში მავანთ ქართული ეკლესია და საპატრიარქო ძალიან ეჩხირებათ ყელში, კერძოდ, იმ ძალებს, ვისთვისაც მორალური ღირებულებების მიღმაა საკუთარი ინტერესის განხორციელების მცდელობა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „არაერთი პირდაპირი მცდელობა და გადადგმული ნაბიჯი იყო ამ ძალების მხრიდან, რომ ქართულ რეალობაში ეკლესიის მორალური პლაცდარმის როლი მოერღვიათ და საკუთარი მიზნები, პირდაპირი ზეწოლა ისე განეხორციელებინათ“.

„არათუ უცნაური, არამედ ამორალური თხოვნებით საპატრიარქოში მისვლა და იმავეს გამეორება უცხოეთში, ბრიუსელში თუ სხვა დედაქალაქებში, დაუშვებელია. ეს ყველაფერი იმას მეტყველებს, რომ ქართული რეალობა, ქართველი კაცის ზნეობა და ქართული საზოგადოების დამოკიდებულება როგორც მორალისადმი, ასევე საკუთარი ცხოვრების წესისადმი მათთვის რაღაც დონემდეა მიუღებელი. ეს ყველაფერი ჩვენს რეალობაში მხოლოდ ევროსკეპტიციზმს აღრმავებს. საქართველოში ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა მოქმედებს და ყველას უფლებაა დაცული. ის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ახალგაზრდებსა და ბავშვებთან ლგბტ თემის პროპაგანდა აკრძალა, ცალკე განყენებული თემაა. უფლებების დაცვა ცალკე ამბავია და უფლებების დაცვის კუთხით ნაკლი არ გაგვაჩნია. პირიქით, აქეთ მობრძანდნენ, ჩამოვიდნენ და ქართული კანონმდებლობა კარგად შეისწავლონ, რაოდენ მაღლა დგას იმ ქვეყნების კანონმდებლობაზე, საიდანაც პრეტენზიები მოდის“,- აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა: „2023 წელს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვთხოვა, ერთნაირსქესიანთა ქორწინებების პოპულარიზაციაში დავხმარებოდით, მიიჩნევდა, რომ ქართული საზოგადოება ტენდენციებს ჩამორჩა“. ამასთან, ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა: „2019 წელს კონფერენციაზე მიხაელ როთს ვკითხე, იქნება თუ არა მოთხოვნა საქართველოს წინაშე, რომ პრაიდები და ა.შ. განხორციელდეს? მან გვითხრა, ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები ეს არისო“.

მსგავსი