დავით მათიკაშვილი - საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც რუსეთის ქმედების გამო დაზარალდნენ, შესაბამისი კომპენსაცია უნდა მიიღონ
დავით მათიკაშვილი - საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც რუსეთის ქმედების გამო დაზარალდნენ, შესაბამისი კომპენსაცია უნდა მიიღონ

საზოგადოებას კარგად ახსოვს 2006 წლის მოვლენების მძიმე სურათი,  რაც მაშინ რუსეთის ხელისუფლების ქმედებების გამო ეთნიკურად ქართველთა მიმართ განხორციელდა, მოხდა მათი დეპორტირება ძალიან მძიმე ფორმებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

შესაბამისად, მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, როცა სტრასბურგის სასამართლო რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

დეპუტატის შეფასებით, აქ ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური, ასევე მორალური ასპექტი.

„გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინი, რომ მოხდება დაკმაყოფილება და განსაზღვრა იმ გადასახდელების, კომპენსაციის, რომლის გადახდაც რუსეთს დაევალება დაზარალებული პირების მიმართ, რომლებიც საკმაოდ ბევრნი არიან. ამ საკითხს პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. ცხადია, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ქმედებისთვის, რაც ჩაიდინა. მასზე რეაგირების მექანიზმი საქართველოს მსგავს პატარა ქვეყნებს მხოლოდ პარტნიორების დახმარებით აქვთ. ამ შემთხვევაში, სასამართლო ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს. ის კიდევ ერთხელ დაადასტურებს რომ ქართული მხარის მოთხოვნა რუსეთის მიმართ არის მართებული და ქართულმა მხარემ, კერძოდ პირებმა, რომლებიც დაზარალდნენ რუსეთის ხელისუფლების ამ ქმედების გამო, უნდა მიიღონ შესაბამისი კომპენსაცია. ეს არის ქართული მხარის გამარჯვება ამ კონკრეტულ დავაში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კითხვაზე, არსებობს თუ არა მოლოდინი, რომ რუსეთი შეასრულებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მათიკაშვილის თქმით, რუსეთმა უნდა გაიაზროს, რომ საერთაშორისო კუთხით მისთვის ძალიან ცუდი იქნება ასეთი გადაწყვეტილების შეუსრულებლობა.

„ჩვენ საქმე გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან. გვაქვს გამოცდილება მის მიერ არა შესრულების, არამედ ძალიან ბევრი საერთაშორისო შეთანხმების და სასამართლო გადაწყვეტილების დარღვევისა, რაზედაც არაერთი მითითება და მინიშნება აქამდეც გაკეთებულა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს არის მომავლის საკითხი, რადგან ჯერ სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. კარგი იქნება, თუ რუსეთი გაიაზრებს, რომ საერთაშორისო კუთხით მისთვის იქნება ძალიან ცუდი ასეთი გადაწყვეტილების შეუსრულებლობა. ვერ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა იგივე პრაქტიკას მიმართოს, რასაც აქამდე მიმართავდა. ყველა შემთხვევაში, როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალურად სტრასბურგის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე ჩვენ მხოლოდ დადებითი და პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. ეს იქნება ქართული მხარის სიმართლის დასტური რუსეთთან არსებულ დავაში და თუ ეს ყველაფერი დასრულდება და უნდა დასრულდეს კომპენსაციების გადახდით, ეს იქნება ქართული მხარის სარჩელისა და ქართული მხარის მოთხოვნის ბოლომდე გამარჯვება“, – განაცხადა დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლო რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.