დავით მათიკაშვილი  - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტმა კონსტიტუციურობაზე ტესტი უნდა ჩააბაროს
დავით მათიკაშვილი  - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტმა კონსტიტუციურობაზე ტესტი უნდა ჩააბაროს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტმა კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე ტესტი უნდა ჩააბაროს.

მისი თქმით, უმრავლესობა არგუმენტებს მოისმენს, საკითხს ბოლომდე შეისწავლის და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებს.

„როდესაც უმრავლესობის ფარგლებში ამ საკითხზე ვსაუბრობდით, ვთქვით, რომ მსჯელობა მისაღებია. თუმცა ამოსავალი პრინციპია, რომ მსჯელობა და გადაწყვეტილება კონსტიტუციის ფარგლებს არ უნდა გასცდეს. ჯერ არ გვიმსჯელია. ამ საკითხზე არგუმენტებს მოვისმენთ და გადაწყვეტილებას ისე მივიღებთ, ბოლომდე განხილვის შემდეგ. პირველი, რაც კანონპროექტმა უნდა ჩააბაროს კონსტიტუციურობის ტესტია. შესაძლოა, კიდევ რამდენიმე კითხვა იყოს. ამიტომ ჯერ არგუმენტებს უნდა მოვუსმინოთ, რატომ მიიჩნევენ, რომ ეს ასე უნდა მოხდეს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დეპუტატის თქმით, კანონპროექტი განხილვის ეტაპზეა.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, ბევრი დეპუტატი გაჰყვება თუ არა ეკა ბესელიას უმრავლესობის დატოვების შემთხვევაში, მათიკაშვილი ამბობს, რომ უმრავლესობის მთლიანობის შენარჩუნების რესურსი არსებობს.

„უმრავლესობის შიგნით მიმდინარე პროცესები უმრავლესობის შიგნით რჩება, საჯაროდ არ განვიხილავთ. თუმცა უმრავლესობის მთლიანობის შენარჩუნების რესურსი არის. ეს რესურსი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული და ძალინ დიდი სურვილი გვაქვს, 2020 წელს საზოგადოების წინაშე ერთიანი, მთლიანი გუნდით შევხვდეთ. კონკრეტული პირების გადაწყვეტილება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი გადაწყვეტილებაა და გუნდის მთლიანობაზე არ მოქმედებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცხრა დეპუტატმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.