დავით მათიკაშვილი - პარლამენტი მხარს დაუჭერს ადამიანებს, ვინც უზენაესი სასამართლოს მაღალი პასუხისმგებლობის პოსტს ღირსეულად ატარებს
დავით მათიკაშვილი - პარლამენტი მხარს დაუჭერს ადამიანებს, ვინც უზენაესი სასამართლოს მაღალი პასუხისმგებლობის პოსტს ღირსეულად ატარებს

პარლამენტი მხარს დაუჭერს იმ ადამიანებს, ვინც უზენაესი სასამართლოს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის პოსტს ძალიან ღირსეულად ატარებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაზე საუბრისას განაცხადა.

დავით მათიკაშვილის თქმით, პარლამენტი პროცესში მას შემდეგ ჩაერთვება, რაც სიას იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკანონმდებლო ორგანოს გადაუგზავნის.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მხოლოდ პირველი ეტაპი დასრულდა. საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე და რაც ყველაზე მთავარია იმ რეგულაციებიდან გამომდინარე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ შევიტანეთ, არის გაწერილი პროცედურულად, როგორ უნდა მოხდეს შემდგომ პარლამენტის ჩართულობა.

პარლამენტი პროცესში მას შემდეგ ერთვება, რაც სიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მივიღებთ. ჩვენს მიერ უპრეცენდენტოდ გამჭვირვალე პროცედურაა არჩეული, ე.წ ამერიკული მოდელი, როდესაც თითოეული კანდიდატის მიმართ ყველა საინტერესო კითხვის დასმა ღიად და საჯაროდ ხდება. ვთვლით, რომ პროცესი ძალიან გამჭვირვალე იქნება და პარლამენტის მხრიდან უზენაეს სასამართლოში აუცილებლად ღირსეული კანდიდატები იქნებიან მხარდაჭერილნი.

პარლამენტი შემდგომ ერთვება, როდესაც კანდიდატების სია სათანადო რიცხვამდე იქნება დაყვანილი და თითოეული კანდიდატის მიმართ შესაბამისი პროცედურა განხორციელდება. პარლამენტი მხარს დაუჭერს იმ ადამიანებს, რომლებზეც, ღრმად ვიქნებით დარწმუნებული, რომ უზენაესი სასამართლოს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის პოსტს ძალიან ღირსეულად ატარებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატთა სია გაასაჯაროვა. ახალი სიის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 144-მა კანდიდატმა გამოთქვა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მოხვდა. სიაშია ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე.