დავით მათიკაშვილი - ნებისმიერი დასკვნის საკითხს სასამართლო გადაწყვეტს, ეს იქნება სამხარაულის, თუ ალტერნატიული
დავით მათიკაშვილი - ნებისმიერი დასკვნის საკითხს სასამართლო გადაწყვეტს, ეს იქნება სამხარაულის, თუ ალტერნატიული

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ნებისმიერი დასკვნის საკითხს სასამართლო გადაწყვეტს, ეს იქნება სამხარაულის, თუ ალტერნატიული.

ჟურნალისტებთან საუბარში დავით მათიკაშვილი პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა ქიბარ ხალვაშის ხელმოწერაზე განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნაზე.

„ოპოზიციას თავისი დღის წესრიგი აქვს, რომლის შესაბამისადაც მოქმედებს. ოპოზიცია ხელისუფლებას ყოველთვის ყველა ისეთ შემთხვევაში ადანაშაულებს, როცა აწყობს, რომ ესა თუ ის საკითხი მისთვის პოლიტიკურად მომგებიანი იყოს. საკითხზე – თუ ვისი კუთვნილება იყო „რუსთავი 2“, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადასტურდა და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ სხვა საკითხზე, ანალოგიურად, ჩვენი სასამართლო სისტემა სწორ და ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც არსებულ მტკიცებულებებს დაეფუძნება. ეს მტკიცებულებები შეიძლება იყოს, როგორც სამხარაულის დასკვნა, ასევე ალტერნატიული“, – დასძინა მათიკაშვილმა.

პარტია „გამარჯვებულ საქართველოში“ დღეს განაცხადეს: „ექსპერტიზის ბიურომ დადო დასკვნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე თითქოს ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არ არის“.

ამასთან, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი ითხოვს, ქიბარ ხალვაშის ხელმოწერაზე განმეორებითი ექსპერტიზა საზღვარგარეთ ჩატარდეს.