დავით მათიკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ნულოვანი ტოლერანტობა ზრდილობასთან, ზნეობასთან, რაც სრულიად საქართველომ კარგად დაინახა
დავით მათიკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ნულოვანი ტოლერანტობა ზრდილობასთან, ზნეობასთან, რაც სრულიად საქართველომ კარგად დაინახა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ნულოვან ზღვარზეა დასული, რაც დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

„ნულოვან ზღვარზე რომაა „ნაციონალური მოძრაობა“ დასული, უკვე კარგად ჩანს და თუნდაც დღევანდელი დღეა ამის დასტური. ხელისუფლებაში ყოფნისას მათ ჰქონდათ ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა „დანაშაულთან“ მიმართებაში, რადგან ყველაზე დიდი დამნაშავეები თვითონ იყვნენ. დღეს მათ ეს რესურსი არ გააჩნიათ, რადგან ქართველმა ხალხმა უკვე რამდენჯერმე გამოუტანა განაჩენი. ამიტომ მათ აქვთ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ზრდილობასთან, ზნეობასთან მიმართებაში, რაც ძალიან კარგად დაინახა სრულიად საქართველომ. მათ კიდევ ერთხელ დაანახეს თავისი სახე და პრინციპში იმ პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებიც უპირისპირდებიან „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს მხოლოდ და მხოლოდ სახარბიელო იყო, რადგან საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, თუ რა ძალასთან გვქონდა საქმე 2003-2012 წლებში სრულიად საქართველოს. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის პირობებში ძალიან მარტივი იყო ნებისმიერი ბრალდების შეთხზვა, ნებისმიერი პირის დამნაშავედ გამოცხადება, რადგან ამისთვის მხოლოდ ერთი კაცის ბრძანება იყო საჭირო“ ,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებისას ინციდენტი მოხდა. „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა თინა ბოკუჩავამ ირაკლი შოთაძეს ბიძინა ივანიშვილის მონა უწოდეს.

კომიტეტის სხდომაზე თინა ბოკუჩავა და ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით მივიდნენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მას შემდეგ გაგრძელდა, რაც თინა ბოკუჩავამ და ელენე ხოშტარიამ სხდომათა დარბაზი დატოვეს.