დავით მათიკაშვილი - მუქარა„ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას წარმოადგენს, ფაქტს არასამთავრობოების მიერაც უნდა გაეცეს კონკრეტული პასუხი
დავით მათიკაშვილი - მუქარა„ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას წარმოადგენს, ფაქტს არასამთავრობოების მიერაც უნდა გაეცეს კონკრეტული პასუხი

ნებისმიერი მუქარა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას წარმოადგენს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმად ზურაბიშვილსა და მის შვილებს ემუქრებიან.

მათიკაშვილის შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან ბინძურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს.

„ისინი არ ერიდებიან არც ერთ ნაბიჯს, რომ პიარქულები დაიწერონ. შემიძლია განვაცხადო, ნებისმიერი მუქარა, ნებისმიერი ასეთი განცხადება სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას წარმოადგენს. გვახსოვს პერიოდი, როდესაც ეს პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში იყო და როგორ განიცდიდა საზოგადოება ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობას. სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომ საარჩევნო პროცესში „ნაციონალური მოძრაობა“ არ ერიდება არც ერთ ნაბიჯს. მათ შორის ვგულისხმობ განცხადებას, რაც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა, როდესაც პირდაპირ ემუქრებოდნენ. ეს არანაირ შემხებლობაში არ არის სამხედრო ძალებთან და თავდაცვის სამინისტროსთან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგიდან გამომდინარე ნაბიჯი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ფაქტზე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც უნდა ჰქონდეთ შესაბამისი რეაგირება.

„კონკრეტული პასუხი არის გასაცემი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც პირველ რიგში ადამიანის უფლებების დაცვაზე არიან ორიენტირებული“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა, ფაქტზე რეაგირება მოახდინონ.