დავით მათიკაშვილი - მავთულხლართებთან რომ მიხვალთ, იქ ნახავთ, როგორ შესტკივა პუტინს საქართველოზე გული
დავით მათიკაშვილი - მავთულხლართებთან რომ მიხვალთ, იქ ნახავთ, როგორ შესტკივა პუტინს საქართველოზე გული

„ახლა ვიღაცის კეთილგონიერებაზე ვერ ვისაუბრებ, კეთილგონიერებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი დაუბრუნდება და ამით შესაძლებელი იქნება პოლიტიკური ურთიერთობის დაწყება რუსეთთან“, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვლმა, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილების შეფასებისას გააკეთა, რომლის მიხედვითაც რუსეთის პრეზიდენტი საქართველოსთვის სანქციების დაკისრებას საჭიროდ არ მიიჩნევს.

მათიკაშვილი ამბობს, რომ პუტინის კეთილგონიერებაზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ერთი ჟურნალისტის გამონათქვამების გამო ქვეყნის წინააღმდეგ ასეთი სანქციები არ უნდა დაწესებულიყო.

„რა გითხრათ ახლა, პუტინს როგორ შესტკივა გული, შეგიძლიათ ჩაბრძანდეთ ზუგდიდში, გადაბრძანდეთ ხიდზე და ნახავთ. ასევე ცხინვალის რეგიონში, მავთულხლართებთან რომ მიხვალთ, იქ ნახავთ, როგორ შესტკივა პუტინს საქართველოზე გული. პუტინს საქართველოზე გული არ შესტკივა, მაგრამ ერთი ჟურნალისტის აბსოლუტურად გააზრებული თუ გაუაზრებელი განცხადების გამო, ასე ღრმად გართულება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის, რა თქმა უნდა, არ იყო სწორი“, – აღნიშნა მათიკაშვილმა პირველ არხთან საუბრისას.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს.