დავით მათიკაშვილი – ევროკავშირის მიდგომების თვალსაზრისით, საკმაოდ მძიმე მოცემულობაა, ევრობიუროკრატია ახალ წევრებს თანასწორუფლებიანის ნაცვლად დაქვემდებარებულ ურთიერთობებს სთავაზობს
ევროკავშირის მიდგომების თვალსაზრისით, საკმაოდ მძიმე და ტრაგიკული მოცემულობაა. ის პრინციპები, რომელთა საფუძველზეც ეს გაერთიანება შეიქმნა, ნიველირებულია, რადგან თანასწორუფლებიანობა გამქრალია იმ მოცემულობიდან, რომელსაც ევრობიუროკრატია ახალ წევრებსა და კანდიდატ სახელმწიფოებს სთავაზობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, შეიძლება, მათ ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რომ ახალ წევრებს არც კი ჰკითხონ აზრი, რაც პრინციპების სრული დარღვევაა.
„ევროკავშირის დღევანდელ ბიუროკრატიას როდესაც საბჭოთა კავშირის მოცემულობას ვადარებთ, ვგულისხმობთ იმას, რომ სულ უფრო მეტადაა მცდელობა, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები დაქვემდებარებულ ურთიერთობებად გარდაიქმნას. ევრობიუროკრატია ახალ წევრებს სწორედ ასეთ ურთიერთობას სთავაზობს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს ახალი წევრებისთვის ათწლიანი გამოსაცდელი პერიოდის დაწესებას, რაც დარღვევების შემთხვევაში ხმის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს.