დავით მათიკაშვილი – ევრობიუროკრატია საქართველოში დემოკრატიულ გადაწყვეტილებებს არ აღიარებს, თვალთმაქცურად ამბობენ, თითქოს ქართველი ხალხის მხარდაჭერა სურთ

12:20, 13.07.2026

შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ევრობიუროკრატიის მხრიდან შეგნებულად ხდება ისეთი გადაწყვეტილებების მიღება და განცხადებების გაკეთება, რაც საქართველოში ევროსკეპტიციზმს აღრმავებს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილს კითხვა დაუსვეს  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებაზე, სადაც კალასმა აღნიშნა: „საქართველოსთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები გვაქვს, რეალურად არ გვაქვს კავშირი მთავრობასთან, ჩვენ არ გვსურს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს“.

„ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევრობიუროკრატიას საქართველოსთან მიმართებით არანაირი სტრატეგია არ აქვს. პირიქით, ქვეყნის მიმართ მათი სტრატეგია ქართველი ხალხის ნება-სურვილის უგულებელყოფაა. სამარცხვინოდ სადაც ამბობენ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა სურთ და არა კონტაქტი საქართველოს ხელისუფლებასთან, იქ ზუსტად ავლენენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ იმ პოლიტიკას, რომელსაც, სამწუხაროდ, ევრობიუროკრატია ახორციელებს. როგორც ვხედავთ, ევრობიუროკრატიისთვის საინტერესო არ არის საქართველოს, სულ მცირე, მილიონ 200 ათასი ადამიანის ნება. ისინი საქართველოში დემოკრატიას და დემოკრატიულ გადაწყვეტილებებს არ აღიარებენ, თვალთმაქცურად ამბობენ, თითქოს ქართველი ხალხის მხარდაჭერა სურთ. მათ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მთავრობასთან კონტაქტი არ აქვთ. ცხადი და ნათელია იმ გადაწყვეტილებების შინაარსი, რაც ევრობიუროკრატიას საქართველოსთან მიმართებით სურს. მათთვის საქართველო პროქსი სახელმწიფო უნდა იყოს. მათ არ აინტერესებთ, რას ფიქრობს ქართველი ხალხი, რომელიც ისეთ ხელისუფლებას ირჩევს, რომელიც ევრობიუროკრატიას არ მოსწონს. ეს ყველაფერი საქართველოში ევროსკეპტიციზმს აჩქარებს. შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ევრობიუროკრატიის მხრიდან შეგნებულად ხდება ისეთი გადაწყვეტილებების მიღება და განცხადებების გაკეთება, რაც საქართველოში ევროსკეპტიციზმს აღრმავებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მსგავსი