დავით მათიკაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს თემაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე დასწრებას თუ მოინდომებენ, მათი ჩართვა კვლავ შესაძლებელია
დავით მათიკაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს თემაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე დასწრებას თუ მოინდომებენ, მათი ჩართვა კვლავ შესაძლებელია

საქმე გვაქვს ოპოზიციურ ძალასთან, რომელიც ყველა შესაბამის ქმედებას პოლიტიკური ნიშნით იყენებს, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ოპოზიციის მიერ სასამართლოს თემაზე მომუშავე ჯგუფის დატოვებას.

„ეს პროცესის ჩვეულებრივი პოლიტიკური შემადგენელია. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, მე გული მწყდება, რომ მათ ეს გზა აირჩიეს. არ მგონია, რომ რესურსი ამოწურულია.

თუკი არასამთავრობო ორგანიზაციები ამას მოინდომებენ, შესაძლებელია კვლავ მათი ჩართვა. ეს მათ ნებასა და სურვილზეა დამოკიდებული.

რეალურად, ამ პროცესმა მართლაც უნდა უპასუხოს ყველა იმ კითხვას და გამოწვევას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და რომელიც ჩვენს წინაშე დგას“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„ევროპულმა საქართველომ“ შესაძლოა, სასამართლოს თემაზე მომუშავე ჯგუფი დატოვოს.

როგორც ოთარ კახიძე აცხადებს, მან შეხვედრაზე ფორმატის ცვლილების თაობაზე კონკრეტული წინადადებები დააყენა, მათ შორის ჯგუფის რაოდენობის შემცირების და კონკრეტული კვოტების განსაზღვრის საკითხი.

ამასთან, სასამართლოს თემაზე მომუშავე ჯგუფი დატოვეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა. როგორც მათ განაცხადეს, ვიდრე ფორმატი არ შეიცვლება, პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შეხვედრა იმართება, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ.

სამუშაო ჯგუფში შედიან: საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. განხილვის პროცესს პროტესტის ნიშნად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არ ესწრებიან.