დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ თეა წულუკიანის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე არასამთავრობო სექტორის მოთხოვნა არასერიოზულია
დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ თეა წულუკიანის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე არასამთავრობო სექტორის მოთხოვნა არასერიოზულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე არასამთავრობო სექტორის მოთხოვნა არასერიოზულია.

როგორც ჟურნალისტებს მათიკაშვილმა განუცხადა, ფოკუსირება პრობლემის მოგვარებაზე უნდა მოხდეს.

„ზოგ შემთხვევაში, პოლიტიკურ ამბიციებსა და ინტერესებს უნდა გავცდეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობა მაქსიმალურად იქნა აღებული. ამის დამადასტურებელია, თუნდაც, მთავარი პროკურორის გადადგომა. ქართულ პოლიტიკაში ისეთი რამ ხშირად არ ხდება, როცა ასეთი თანამდებობის პირები პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ და ამ ნაბიჯებს დგამენ. იმ აზრისგან შორს ვარ, რომ ამ ნაბიჯით ყველა პრობლემა გვარდება, მაგრამ მიღებული გადაწყვეტილებები პასუხისმგებლობის მანიშნებელია. ჩანს, რომ სახელმწიფო ამ პრობლემის წინაშე ადეკვატურად იქცევა. იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნაზე საუბარი კი, ზედმეტია”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს.

ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა 31 მაისს დატოვა. ირაკლი შოთაძის გადადგომა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება.