დავით ლორთქიფანიძე - ახალი ინიციატივა, „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ ძალიან დიდ  შესაძლებლობებს იძლევა
დავით ლორთქიფანიძე - ახალი ინიციატივა, „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ ძალიან დიდ  შესაძლებლობებს იძლევა

მთავრობის ახალი ინიციატივა „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ განათლებისთვის ძალიან დიდ შესაძლებლობებს გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომელიც ახალი ინიციატივის პრეზენტაციას ესწრებოდა.

მისი თქმით, ზოგად განათლებაში მუზეუმებს, კულტურულ დაწესებულებებს ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ.

„ნამდვილად ისტორიული დღეა და ძალიან დიდი შესაძლებლობები განათლებისთვის. ჩემთვის, როგორც მეცნიერისთვის, ვხედავ, რომ ეს არის მეცნიერების განვითარება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განათლება. შეუძლებელია ქვეყნის განვითარება, თუ არ იქნება ფართო მასშტაბის, ბავშვობიდან განვითარება. სწორედ ჩვენს სფეროს, მუზეუმებს, კულტურულ დაწესებულებებს ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ზოგად განათლებაში. ასე რომ, ეს არის ძალიან დიდი მოვლენა ყველასთვის“, – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, განათლება ფართო ცნებაა და მხოლოდ სკოლებსა და უნივერსიტეტებს არ მოიცავს.

„ეს არ არის მხოლოდ სკოლებისთვის და უნივერსიტეტისთვის. მე ვიტყოდი, ეს არის ყველა ჩვენგანის ვალი, მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ განათლებაში. მე სწორედ იმ დაწესებულებას ვხელმძღვანელობ,  რომელსაც ეს უშუალოდ ევალება, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. ჩვენი განათლება მთლიანად ისტორიაზე და ჩვენს ისტორიულ ღირებულებებზე უნდა იდგეს“, – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

ახალი ინიციატივა „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ დღეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარადგინა. ახალი კონცეფციის თანახმად, განათლების სფეროს დაფინანსება ყოველწიურად გაიზრდება, 2022 წლისთვის მაქსიმუმს მიაღწევს და მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი იქნება.