დავით კირკიტაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა
დავით კირკიტაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პატიმრობაში მყოფმა დავით კირკიტაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა, – ამის შესახებ გურჯაანის რაიონული სასამართლოდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

როგორც დავით კირკიტაძემ განაცხადა, ის პატივს სცემს პოლიციის ინსტიტუტს. “მე ბოდიშს ვუხდი პოლიციელებს, რადგან მათი საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია“,-განაცხადა კირკიტაძემ.

ამასთან, დაცვისა და ბრალდების მხარეები შეთანხმდნენ საპროცესო გარიგებაზე და არ არის გამორიცხული, მოსამართლემ დავით კირკიტაძის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

დატოვე კომენტარი