დავით კირკიტაძე - ქართველმა ხალხმა უნდა იმოქმედოს
დავით კირკიტაძე - ქართველმა ხალხმა უნდა იმოქმედოს

დღეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მოვიდეს და მაქსიმალურად არაძალადობრივი საპროტესტო აქცია უნდა იყოს, რომელიც ხელისუფლებას გონზე მოსვლაში დაეხმარება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მოქმედების დროა.

„ახლა მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა გაიგოს, „ქართული ოცნება“ არ უსმენს არც ექიმებს, არც სახალხო დამცველს, არც საერთაშორისო ორგანიზაციებს, ამიტომ ახლა მოქმედების დროა. დღეს, 15:00 საათზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მოვიდეს და მაქსიმალურად არაძალადობრივი საპროტესტო აქცია უნდა იყოს, რომელიც ხელისუფლებას გონზე მოსვლაში დაეხმარება“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ამასთან, კირკიტაძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა სახალხო დამცველის და იმ ადამიანების, ვინც ამდენი ხანია, ითხოვს მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანას.

„ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა სახალხო დამცველის და იმ ადამიანების, ვინც ამდენი ხანია იმას მოვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი უნდა იყოს კლინიკაში. ამას მოუწოდებს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმიც, მაგრამ ხელისუფლება არ უსმენს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ის უსმენს კრემლს. ამიტომ, ქართველმა ხალხმა უნდა იმოქმედოს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.