დავით კირკიტაძე - მიხეილ სააკაშვილი გუშინ ჩამოვიდა საქართველოში, ჯერი ჩვენზეა
დავით კირკიტაძე - მიხეილ სააკაშვილი გუშინ ჩამოვიდა საქართველოში, ჯერი ჩვენზეა

მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია, ისე, როგორც შეჰპირდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ჯერი ჩვენზეა – იმ ადამიანებზე, ვისაც გვაქვს ხვალ უფლება და საშუალება, მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სწორი არჩევანი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა მმართველი გუნდის წარმომადგენელთა განცხადებებზე იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა სიმართლეს არ შეესაბამება.

„ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ რეაქცია სხვა რა შეიძლება, ყოფილიყო, მათ კიდევ ერთხელ განიზრახეს, რომ თავი გაეშტერებინათ, მოესულელებინათ. ყველა, ვინც კი ბათუმშია ნამყოფი, ყველა ცნობს იმ ადგილს, საიდანაც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს ჩანაწერი. გუშინდელი ღამის არის, ეს არის ბათუმის ახალი ბულვარი, ყველამ კარგად იცის და ახლა აღარ არის უკვე ამაზე მსჯელობა, აღარ არის ამაზე საუბარი. ნუღარ გაისულელებენ თავს, ნუღარ გაიშტერებენ თავს და ნუღარ შეეცდებიან ამ ქვეყნის მოქალაქეებს ნაცარი კიდევ ერთხელ შეაყარონ თვალში. ცხრა წელი ამით არიან დაკავებული. ყველაფერს აქვს საზღვარი და სიშტერესაც აქვს საზღვარი. ახლა რა უნდათ, რა ჰგონიათ, რომ თავისნაირია საქართველოს მოქალაქე? ახლა თუ სააკაშვილი საქართველოში არ არის, თუ ის ფაქტორი საერთოდ არ არის, ხომ ამაზე საუბრობდნენ, ცხრა წელია, ხომ ამაზე საუბრობენ, რომ ის ფაქტორი არ არის, რას გამოლაგდნენ, რას ჩაეწყნენ, რას დამწკრივდნენ და ჭკვიანი სახეებით სისულელეებს რას ამტკიცებენ?! მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია, ისე, როგორც შეჰპირდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ჯერი ჩვენზეა – იმ ადამიანებზე, ვისაც გვაქვს ხვალ უფლება და საშუალება, მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სწორი არჩევანი“, – განაცხადა კირკიტაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აქვე გამოეხმაურა შსს-ს განცხადებას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

„კი, გუშინ ჩამოვიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს, ძალოვანი სტრუქტურების, ყველა იმ პატიოსან, პატრიოტ თანამშრომელს მოვუწოდებ, ნაცვლად იმისა, რომ შეასრულონ პოლიტიკური დავალება, დაიცვან მათთვის კანონით დაკისრებული უფლებამოვალეობები, დაიცვან მართლწესრიგი საარჩევნო უბნებზე და გარწმუნებთ, როგორც შსს-ს, ისე ყველა ძალოვანი სტრუქტურის ყველა პროფესიონალი იცხოვრებს უკეთეს საქართველოში, ექნება უკეთესი პირობები. ახლა დაარბენინებს გომელაური ამ შსს-ს ნაწილებს ბათუმში და იქ კეტავენ, ახლა ნუღარ აწვალებენ ამ პოლიციელებს, ფუჭია“, – განაცხადა კირკიტაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.