დავით კირკიტაძე - დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი ფეისბუქსტატუსი „ქართული ოცნების“ გაკეთებულია
დავით კირკიტაძე - დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი ფეისბუქსტატუსი „ქართული ოცნების“ გაკეთებულია

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქსტატუსიც“, ისევე როგორც სხვა უამრავი სიბინძურე, რასაც ისინი აკეთებენ საკუთარი კონტროლირებადი ბოტებისა და ტროლების მეშვეობით, არის „ქართული ოცნების“ გაკეთებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

როგორც დავით კირკიტაძემ აღნიშნა, მსგავსი ტიპის მცდელობებში მოწინააღმდეგის მიმართ არაპატიოსნად მოქცევასა და მის დისკრედიტაციაში „ქართული ოცნება“ არის დახელოვნებული.

„ცხრა თვის ბავშვის ტრაგიკულად გარდაცვალების ხარჯზე და ამაზე პოლიტიკური დივიდენდების დამწერ პოლიტიკური გუნდისგან ცოტა უხერხულია რაიმე პიროვნული ტრაგედიის პოლიტიკაში გამოყენებაზე საუბარი. რაც შეეხება ამ სტატუსს, ეს სტატუსი იყო თუ არა მიხეილ სააკაშვილის, კიდევ დასადგენია. იქედან გამომდინარე, რომ ავტომატურად ძალიან მალე მოყვა ამას რეაგირება და შესაბამისად, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ფეისბუკის, სოციალური ქსელის ადმინისტრაცია ძალიან მალე გაერკვევა რეალურად, რა მოხდა. მსგავსი ტიპის მცდელობებში, მოწინააღმდეგის მიმართ არაპატიოსნად მოქცევასა და მის დისკრედიტაციაში არის „ქართული ოცნება“ დახელოვნებული, ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს სტატუსიც, ისევე როგორც სხვა უამრავი სიბინძურე, რასაც ისინი აკეთებენ საკუთარი კონტროლირებადი ბოტების და ტროლების მეშვეობით, არის „ქართული ოცნების“ გაკეთებული“, – განაცხადა კირკიტაძემ.

კითხვაზე, მისაღებია თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქის პოლიტიკური საკითხებში ჩართვა, კირკიტაძემ აღნიშნა: „უცხო ქვეყნის მოქალაქე არის ბიძინა ივანიშვილი და უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ამ ქვეყანაში. ხოლო რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში ჩართულობას, მას ვერავინ აუკრძალავს და არავის აქვს უფლება, აუკრძალოს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე გუშინ გამოქვეყნდა სტატუსი – „როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ეს ტრაგედია, რაც საქართველოში ხდება, ივანიშვილს და „ქოცებს“ დამსახურებულად შეეტენოთ“. მოგვიანებით, ეს სტატუსი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქზე აღარ იძებნებოდა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული პოსტი მას არ დაუწერია.