დავით კერესელიძე - „ინტერმა“ საქართველოში აკადემია კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლამდე დააფუძნა, ახლა იგივე სხვა კლუბებს სურთ #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტმა, „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, დავით კერესელიძემ საქართველოში „ინტერის“ ლეგენდარული კაპიტნისა და კლუბის ვიცე-პრეზიდენტის, ხავიერ ძანეტის ვიზიტსა და მილანური კლუბის ქართული აკადემიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საქართველოში ხავიერ ძანეტის სტუმრობა ყველას გაგვიხარდა. „ინტერის აკადემია საქართველო“ მილანური კლუბის უცხოურ ფილიალებში რიგით მე-20 აკადემიაა. გვაქვს პრეტენზია, რომ მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს.
დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე ამ თანამშრომლობის შედეგებით ვიამაყებთ. ამის გამო მადლობა, მინდა, იმ იტალიელ სპეციალისტებს გადავუხადოთ, რომლებიც ჩვენს აკადემიაში საქმიანობდნენ და საქმიანობენ.
აღსანიშნავია, რომ „ინტერამდე“ თანამშრომლობა სხვა გუნდებთანაც გვსურდა, მათ შორის „იუვენტუსთან“, მაგრამ პირველი, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა, „ინტერი“ იყო. იმასაც ვიტყვი, რომ ეს კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლამდე მოხდა, ამიტომ იყო ეს მნიშვნელოვანი ფაქტი. სხვათა შორის, ახლა ჩვენთან თანამშრომლობა „ნაპოლისა“ და კიდევ რამდენიმე კლუბს სურს.
რაც შეეხება „ინტერთან“ თანამშრომლობის გახანგრძლივებას, იგეგმება არა მხოლოდ ახალი ხელშეკრულების გაფორმება, არამედ გაფართოებაც. ვფიქრობთ, რომ ეს პერსპექტიული პროექტია, რომელიც გაგრძელდება“, – განაცხადა დავით კერესელიძემ.