დავით ჭყონია - კორონავირუსთან საბრძოლველად კარგ ფორმაში უნდა ვიყოთ, ეს ჩემი მთავარი რჩევაა​

ამ ვირუსთან საბრძოლველად კარგ ფორმაში უნდა ვიყოთ, ეს ჩემი მთავარი რჩევაა, – ამის შესახებ პულმონოლოგმა, დავით ჭყონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ განაცხადა.

პირადი ექიმი

„პოზიტიური განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, პანიკას არ მივეცეთ. აქ გადამწყვეტია იმუნური სისტემა და ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი; მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ალკოჰოლის მიღება, მოწევა და სხვა მავნე ჩვევები. ამ ვირუსთან საბრძოლველად კარგ ფორმაში უნდა ვიყოთ, ეს ჩემი მთავარი რჩევაა. არის პაციენტთა ჯგუფი, რომელსაც აქვს თანმხლები დაავადებები – გულსისხლძარღვთა, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი და ა.შ. ისინი უფრო მობილიზებული უნდა იყვნენ და მდგომარეობა გაიკონტროლონ“, – განაცხადა ჭყონიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რით განსხვავდება ახალი კორონავირუსით გამოწვეული ფილტვების ანთება გრიპის ვირუსით, ან სოკოთი გამოწვეული ფილტვების ანთებისგან, დავით ჭყონიამ განაცხადა, რომ კორონავირუსით გამოწვეული პნევმონია ძალიან მასშტაბურია და ამ შემთხვევაში ძალიან ტოტალური ანთებითი პროცესი მიმდინარეობს.

„ეს პროცესი ძალიან მსგავსია მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომისა, რაც ცნობილია ვირუსული, ბაქტერიული პნევმონიების დროს და რაც ფატალურია; იწვევს უმძიმეს შედეგებს და ასეთ დროს სიკვდილიანობა ძალიან მაღალია. თუმცა, ასეთი ანთებების შემთხვევაშიც არის გადარჩენილი პაციენტების დაახლოებით, ნახევარი. რაც შეეხება ახალ კორონავირუსს, „კოვიდ-19“-ით დაავადებული პაციენტების უმრავლესობა არ მძიმდება და ძალიან მსუბუქ ფორმებშია“, – განაცხადა ჭყონიამ.

როგორც პულმონოლოგმა აღნიშნა, კორონავირუსი პირველ რიგში, სასუნთქ გზებს აზიანებს.

„ის თავდაპირველად, ხვდება პირის ღრუში, ზედა სასუნთქ გზებში და შემდგომ, თანდათან გადადის სასუნთქ გზებში – ტრახიაში, ბრონქებში. როგორც ხე იტოტება და ბოლოს ფოთლებია, ასევე იტოტება სასუნთქი სისტემა; არის ტრახია, ბრონქები, მერე ისინი იტოტება და ბოლოს არის ალვეოლები, რომელთა მთავარი ფუნქცია ორგანიზმისთვის ჟანგბადის მიწოდება და ნახშირორჟანგის მოცილებაა. გარდაცვლილი პაციენტების გაკვეთით ინახა, რომ მოხდა ამ ალვეოლების ავსება წებოვანი სითხით, შიგთავსით, რომელიც ჟანგბადის დიფუზიას უშლის ხელს. ანუ, სასუნთქი ზედაპირი მინიმუმამდეა დაყვანილი და ადამიანი ვეღარ სუნთქავს“, – განაცხადა ჭყონიამ.

მარი მალაზონიას შეკითხვაზე, აუცილებელია თუ არა, ფილტვების ანთება აუცილებლად ხველით დაიწყოს და რამდენად უნდა ვივარაუდოთ ნებისმიერი მშრალი ხველის მიღმა ფილტვების ანთება, დავით ჭყონიამ განაცხადა, რომ ნებისმიერი მშრალი ხველის დროს ფილტვების ანთება არ იგულისხმება.