დავით ჭიჭინაძე - გუშინდელი ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციასთან მოლაპარაკების ყველა გზა დაწვა
დავით ჭიჭინაძე - გუშინდელი ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციასთან მოლაპარაკების ყველა გზა დაწვა

ვხედავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი დაპირებები 24 საათიც არ შეასრულა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასთვის უზენაესი სასამართლოს მიერ პატიმრობის შეფარდებაზე.

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ამოვარდნილია მიღებული თამაშის წესებიდან, რასაც დასავლეთი ამკვიდრებს.

„ამან ყველა პარტნიორ ქვეყანაში, რეალურად გამოიწვია სერიოზული გაღიზიანება. ფაქტი მათ პოლიტიკურ დევნად აღიარეს, რაც ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმე შეფასებაა, მით უმეტეს – არჩილ თალაკვაძისა და დავით ზალკალიანის ვიზიტების ფონზე. მეტნაკლებად დაპირებები გაიცა, ტონი იყო დარბილებული და საუბარი გახლდათ მეგობრობაზე. ვხედავთ, რომ „ოცნებამ“ 24 საათიც კი არ შეასრულა თავისი დაპირებები, დარწმუნებული ვარ, თალაკვაძეც და ზალკალიანიც ჰპირდებოდნენ, რომ გარკვეულ კომპრომისს მოძებნიდნენ ოპოზიციასთან, მაგრამ გუშინ ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ დაწვა ყველა გზა ოპოზიციასთან მოსალაპარაკებლად. რეალურად დამნაშავე ადამიანსაც კი, როდესაც ასე ექცევიან, მეტნაკლებად ყველა სოლიდარობას უცხადებს“, – განაცხადა დეპუტატმა.

ჭიჭინაძის შეფასებით, სამართალი სამართლიანად უნდა დადგეს და არა უსამართლოდ.

„ყველას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ გარიგების შედეგად იყო უგულავა გამოშვებული, გარიგება დაარღვია და ამიტომ დასაჯეს. მიმაჩნია, რომ დამნაშავეებთან ასე მანიპულირების უფლება არავის აქვს, გარიგდეს კულუარულად და მერე, თუ დააზიანებს, ისევ გაუსწოროს ანგარიში. ეს არის ჩვენი ქვეყნის დღევანდელი პრობლემა. ხელისუფლება ორიენტირებულია საკუთარ ინტერესებზე და არა, ხალხსა და ქვეყანაზე“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მიმდინარე წლის 10 თებერვალს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.