დავით ჭიჭინაძე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ დატოვების შესახებ განცხადებას გააკეთებს
დავით ჭიჭინაძე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ დატოვების შესახებ განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ დატოვების თაობაზე პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს.

პირველ არხთან საუბარში დავით ჭიჭინაძე განმარტავს, რომ საშემოდგომო სესიაზე „საქართველოს პატრიოტებში“ დროებით გაწევრიანდა და ამის მიზეზი ფრაქციის მიერ მომზადებული რეზოლუციის ის პროექტი იყო, რომელიც „სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად“ გამოცხადებას ეხებოდა.

კანონმდებელი ამბობს, რომ საქმიანობას დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატის რანგში გააგრძელებს.

დავით ჭიჭინაძის გადაწყვეტილების შემდეგ, „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქცია დაშლის საფრთხის წინაშე დადგება, რადგან რეგლამენტის გათვალისწინებით, ფრაქციის არსებობისთვის ექვსი კვოტაა საჭირო, ირმა ინაშვილის საპარლამენტო გუნდს კი ხუთი დეპუტატი ჰყავს.

„საქართველოს პატრიოტები“ საშემოდგომო სესიაზე პროტესტის ნიშნად ნატო ჩხეიძემ დატოვა, რომელიც ფრაქციაში დავით ჭიჭინაძემ ჩაანაცვლა.

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი საგაზაფხულო სესიას დღეს გახსნის და საქმიანობას სრულად თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში დაიწყებს.