დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ფრაქცია „პატრიოტებში“ საშემოდგომო სესიის დასრულებამდე დარჩება
საშემოდგომო სესიის დასრულებამდე ფრაქცია „პატრიოტებს“ გვერდში დავუდგები, ამასობაში, იმედია, მოძებნიან სხვას, – ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ჭიჭინაძის თქმით, მისი ფრაქციაში „პატრიოტებში“ გადასვლა ტექნიკური ხასიათის არის.
„ქალბატონმა ირმამ მითხრა და გამახსენდა, რომ 8-ში ეწურებოდათ ვადა. თუ ფრაქციას არ დააკომპლექტებდნენ, დაეშლებოდათ ფრაქცია და მე პრინციპში საშემოდგომო სესიის დამთავრებამდე შევთავაზე. კი ბატონო, დავუჭერ მხარს, რადგან ბევრი მათი ინიციატივა, რომელშიც მთავარი არის – სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის რეჟიმად გამოცხადების ნაწილში მხარს ვუჭერდი მაშინაც, როცა „ქართული ოცნების“ წევრი ვიყავი და ეს ადრეც მაქვს დაფიქსირებული. ვფიქრობ, თავისუფალი სიტყვა პარლამენტში ოპოზიციას უნდა ჰქონდეს და ამიტომ დავუჭირე მხარი. საშემოდგომო სესიის დასრულებამდე მე მათ გვერდში დავუდგები. ამასობაში, იმედია, მოძებნიან სხვას. მე დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შევედი და ჯერჯერობით არ ვაპირებ ჩემი დამოუკიდებელი სტატუსის დათმობას“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.