ირმა ინაშვილი - დავით ჭიჭინაძეს ფრაქციაში გადმოსვლა პირადად შევთავაზე, შესაძლოა, ჩვენი თანამშრომლობა გაცილებით მჭიდრო აღმოჩნდეს, ვიდრე ვინმეს ჰგონია
ირმა ინაშვილი - დავით ჭიჭინაძეს ფრაქციაში გადმოსვლა პირადად შევთავაზე, შესაძლოა, ჩვენი თანამშრომლობა გაცილებით მჭიდრო აღმოჩნდეს, ვიდრე ვინმეს ჰგონია

დავით ჭიჭინაძეს პირადად შევთავაზე ფრაქციაში გადმოსვლა, ვინაიდან დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაიშალოს ფრაქცია, შესაძლოა, ჩვენი თანამშრომლობა გაცილებით მჭიდრო აღმოჩნდეს, ვიდრე ვინმეს ჰგონია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განუცხადა.

„მე თუ მკითხავთ, არსებითი მნიშვნელობა იმას არა აქვს, ვისგან რა წამოვიდა. მე ვესაუბრე ბატონ დავითს, პირადად შევთავაზე ფრაქციაში გადმოსვლა, ვინაიდან დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაიშალოს ფრაქცია, „საქართველოს პატრიოტებმა“ განაგრძოს პარლამენტში ფუნქციონირება. მოგეხსენებათ, ჩვენ მნიშვნელოვანი რეზოლუცია გვაქვს დღის წესრიგში დაყენებული. ეს რეზოლუცია ითვალისწინებს სამართლებრივი პოლიტიკური შეფასება მიეცეს სააკაშვილი-ბოკერიას მმართველობას. ჩვენ ველოდებით, რომ მალე პლენარულ სხდომაზე გავა ეს რეზოლუცია, მოხდება კენჭისყრა, ამიტომ ამ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური აქტის წინ ფრაქციის დაშლა წყალს ასხამდა ნაადრევად გახარებული სააკაშვილის, გიგა ბოკერიას, სერგი კაპანაძის წისქვილზე. ამიტომ ვამბობდი, რომ მათი სიხარული ნაადრევია, ამიტომ ვვარაუდობდი, რომ ჩვენი პარტია არ დაიშლებოდა. საინტერესო საუბარი მქონდა ბატონ დავითთან. უაღრესად ვაფასებ მის გადაწყვეტილებას. მან ბრძანა, რომ ასეთ ვითარებაში, როცა დღის წესრიგში ასეთი რეზოლუცია დგას, მხარს დაუჭერს, რომ პატრიოტები დომინირებდეს საქართველოს პარლამენტში, ამიტომ უაღრესად დასაფასებელია“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში დავით ჭიჭინაძეს არ გაუკეთებია არც ერთი განცხადება, რომელსაც ის არ იზიარებდა. ინაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ნატო ჩხეიძეს ერთად მუშაობისთვის და მას წარმატებები უსურვა.

„მე არ მომისმენია განცხადება, რომლის სულისკვეთებაც ჩემთვის მიუღებელია. ჩემთვის მისაღებია მისი პოზიცია ბანკებთან მიმართებით. საბანკო პოლიტიკასთან მკაცრი პოზიციები ჰქონდა და სხვა თემებთან მიმართებით თვითონ ის ფაქტი, რომ ბატონი დავითი ხდება ჩვენი პარტიის წევრი, არის პოლიტიკურადაც დასაფასებელი და ადამიანურადაც. თუმცა, ჩვენ არ ვართ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ვაკრიტიკებთ ჩვენი გუნდიდან წასულ ადამიანებს და აუგად ვიხსენიებთ. მინდა, ნატო ჩხეიძეს მადლობა გადავუხადო იმ წლებისთვის, რომელიც გაატარა ჩვენს პარტიაში. უაღრესად ვაფასებ ამ წლებს და ვუსურვებ წარმატებებს. მან გააკეთა სხვა პოლიტიკური არჩევანი. ეს მისი არჩევანია, მაგრამ ჩვენი მხრიდან ადგილი არ ექნება კრიტიკას“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

კითხვაზე არის თუ არა დავით ჭიჭინაძის ფრაქცია „პატრიოტებში“ გადასვლა დროებითი, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკა ცოცხალი პროცესია და ამ ეტაპზე საინტერესოა, რაც დღეს ხდება.

„ჩვენ ბევრ თემაზე ვისაუბრეთ. ვისაუბრეთ პარტიაში მის პოზიციაზე, სხვა დეპუტატების შემოერთებაზე, პოლიტიკურ საკითხებზე. რაც შეეხება დროებითობას, საინტერესო ის არის, რაც დღეს ხდება, თორემ ცხოვრებაც დროებითი და ხანმოკლეა. რა მოხდება მომავალში, პოლიტიკა არის ცოცხალი პროცესი, როგორც ცხოვრება, ამიტომ ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოვიტანთ. შესაძლოა, ჩვენი თანამშრომლობა აღმოჩნდეს გაცილებით მჭიდრო, ვიდრე ვინმეს ჰგონია“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, ვერავინ იტყვის, რომ ფრაქცია „პატრიოტებს“ „ქართული ოცნების“ წევრი შეუერთდა.

„დავით ჭიჭინაძე გამიჯნულია „ქართული ოცნებიდან“. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ვებრძოდით სააკაშვილს რეჟიმს. ვერც ჩვენ ვერავინ გვეტყვის, რომ „ქართული ოცნების“ წევრი მივიღეთ და ვერც ჭიჭინაძეს ვერავინ ეტყვის, რომ ის „ქართული ოცნებაა“ ამ ეტაპზე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის წესრიგში „პატრიოტების“ ფრაქციის დაშლა მას შემდეგ დადგა, რაც ნატო ჩხეიძემ მათი ფრაქცია პროტესტის ნიშნად დატოვა, დღეს კი, პირველ არხთან საუბარში დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ „პატრიოტებში“ წევერიანდება.