დავით ბაქრაძე - აშშ-ში წინააღმდეგობრივი გზავნილები ჩადის, თუმცა ჩვენი პარტნიორები ყოველთვის იღებენ ჩვენგან ობიექტურ ინფორმაციას
დავით ბაქრაძე - აშშ-ში წინააღმდეგობრივი გზავნილები ჩადის, თუმცა ჩვენი პარტნიორები ყოველთვის იღებენ ჩვენგან ობიექტურ ინფორმაციას

აშშ-ში წინააღმდეგობრივი გზავნილები ჩადის, თუმცა ჩვენი პარტნიორები ყოველთვის იღებენ ჩვენგან ობიექტურ ინფორმაციას, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ ამერიკის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების, ადამ კინზინგერისა და ჯერალდ ქონელის წერილზე საუბრისას განაცხადა. კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ შეშფოთებული არიან საკითხებით, „რაც უკავშირდება დაპირებულ პოლიტიკურ რეფორმებზე უარის თქმასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის შესახებ ცნობებს“.

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არის მტკიცე ისე, როგორც არასდროს. ჩვენი ურთიერთობების ტრაექტორია არის აღმავალი, ის ხასიათდება ორპარტიული მხარდაჭერით. გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ტრამპის ადმინისტრაციასთან.

ამ ურთიერთობებისა და მჭიდრო თანამშრომლობის გამოხატულებაა ის უპრეცედენტო შედეგები, რომელიც გვქონდა გასული წლის განმავლობაში. ეს გამოიხატება საქართველოს მხარდამჭერი აქტის, ასევე, აშშ-ის კონგრესის სხვა გადაწყვეტილებებში, სადაც განსაკუთრებული ადგილი ეკავა საქართველოს; ეს გამოიხატა გაზრდილ ინვესტიციებში.

ჩვენ ყოველთვის ძალიან ყურადღებით ვუსმენთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორებს, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები მათთან. გასაგებია, რომ წინააღმდეგობრივი და განსხვავებული გზავნილები ჩადის, თუმცა ჩვენი პარტნიორები ყოველთვის იღებენ ობიექტურ ინფორმაციას ჩვენგან. აქედან გამომდინარე, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.