დავით ბაქრაძე - ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და კარგი დებატები გამოვიდა
დავით ბაქრაძე - ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და კარგი დებატები გამოვიდა

ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და კარგი დებატები გამოვიდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ პირველი არხის გადაცემის „დებატები 2018“ დასრულების შემდეგ განაცხადა. ბაქრაძის თქმით, საზოგადოებამ დაინახა, რატომ არ უნდა მისცეს ხმა სახელისუფლებო კანდიდატს.

„ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და კარგი დებატები გამოვიდა და მთავარი ამ დებატებიდან გახლავთ ის, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა და მიიღო პასუხი, რატომ უნდა მოვიდეს 28 ოქტომბრის არჩევნებზე, რატომ არ უნდა მისცეს ხმა სახელისუფლებო კანდიდატს.

ვფიქრობ ძალიან ნათელი იყო მთელი ამ დებატების განმავლობაში მოუმზადებლობა, ხედვის არარსებობა და სამომავლო ცვლილებების დაუნახაობა. ის, რაც სჭირდება დღეს საქართველოს, ეს თვისებები არ გააჩნია არც „ქართულ ოცნებას“ და არც მის კანდიდატს. ამიტომ, ვფიქრობ, საზოგადოება ძალიან მკაფიო და ნათელ არჩევანს გააკეთებს 28 ოქტომბერს, უკეთესი მომავლისა და საიმედო ხვალინდელი დღის სასარგებლოდ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დებატები პირველი არხის ეთერში დავით ბაქრაძეს, დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართა.