დავით ბაქრაძე - უმრავლესობა მურუსიძის სასამართლოს პარლამენტის რეგლამენტის თავზე გადახევით გვიკანონებს
პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ უმრავლესობა არა მარტო გვიკანონებს ქვეყანაში მურუსიძის სასამართლოს, არამედ ამას აკეთებს ყოველგვარი პროცედურის, ნორმისა და საზოგადოებრივი პატივისცემის იგნორირებით, პარლამენტის რეგლამენტის თავზე გადახევით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელსაც მთელი პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება ელოდებოდა, საკომიტეტო მოსმენაზე არ არის განხილული.
„პლენარულ სხდომაზე საკითხი გამოდის ისე, რომ იურიდიულ კომიტეტს საერთოდ არ უმსჯელია ვენეციის კომისიის დასკვნაზე. არც ერთ დეპუტატს არ უნახავს გადამუშავებული კანონპროექტი. დღეს დილით დაარიგეს რაღაც, რასაც აწერია არაოფიციალური ვერსია. რას ნიშნავს არაოფიციალური ვერსია, როდესაც პარლამენტში მიიღება ქვეყნისთვის მთავარი კანონი სასამართლო რეფორმის შესახებ და საუბარია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებაზე. ყველაფერი კეთდება კომიტეტის გვერდის ავლით, საპარლამენტო განხილვის გვერდის ავლით და თურმე, მთელმა საქართველომ ახლა, სხდომაზე ანრი ოხანაშვილის პირით უნდა შევიტყოთ სიმართლე, როგორი იქნება ამ ქვეყანაში სასამართლო და ამას ყველა უნდა დავეთანხმოთ. ჩვენი, როგორც ოპოზიციის ვალდებულება იყო, რომ ეს პროცესი შეგვეჩერებინა, ელემენტარულად, მცირე დრო მაინც გვქონდეს, გავეცნოთ, რა წერია ამ არაოფიციალურ დოკუმენტში. სხვათაშორის, პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს არაოფიციალური დოკუმენტების სხდომაზე დარიგებას. ეს არის ის, რაზეც ბიძინა ივანიშვილი და უმრავლესობის წევრები დღეს დილით შეთანხმდენენ და ახლა მთელმა საქართველომ, ანრი ოხანაშვილის პირით და არაოფიციალური დოკუმენტებით უნდა გავიგოთ თურმე“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ამასთან, დეპუტატი დარწმუნებულია, რომ დარიგებულ დოკუმენტში შინაარსობრივი პრობლემებიც ბევრი იქნება.
„დღეს რაც იკადრა „ქართულმა ოცნებამ“, ეს იყო რეგლამენტის პროცედურის და საზოგადოების ელემენტარული პატივისცემის წინააღდეგ წასვლა. ამიტომ მოვითხოვეთ შესვენება, ჩვენ გავეცნობით ამ დოკუმენტს. დარწმუნებული ვარ, დოკუმენტთან შინაარსობრივი პრობლემებიც ბევრი გვექნება, მაგრამ დღეს დილით საუბარი იყო ფორმაზე, რომ ყველაზე მნიშვნელოვან კანონს ვიღებთ და მურუსიძის სასამართლოს ვაკანონებთ ისე, საკომიტეტო მოსმენაც კი არ უნდათ ჩაატარონ. ამას ჩვენ კი არ უნდა ვითხოვდეთ, არამედ უმრავლესობის დეპუტატებს უნდა ეყოთ თავმოყვარეობა, გააცნონ დოკუმენტი, რაზეც ხმის მიცემას სთხოვენ და რაზეც ხელი უნდა ააწევინონ რამდენიმე საათში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით უნდა განიხილონ, ცხარე კამათის ფონზე გაიხსნა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა გოგორიშვილმა მოითხოვა, დღევანდელი სხდომა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას გამოსვლით დაწყებულიყო, რომელმაც დეპუტატების წინაშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის პროცედურაზე უნდა ისაუბროს. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის საპასუხოდ განმარტა, რომ დღის წესრიგით განსაზღვრულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა. სწორედ ამიტომ, ტრიბუნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს დაეთმო. ოპოზიციონერი დეპუტატები ანრი ოხანაშვილს სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მათი თქმით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებების გაცნობა ვერ მოასწრეს. სხდომაზე 14:00 საათამდე შესვენება გამოცხადდა.