დავით ბაქრაძე - შეხვედრაზე შევდივართ იმ განწყობით, რომ მოვძებნოთ გამოსავალი, თუმცა პროცესი ბევრად გაართულა ცესკო-ს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ
დავით ბაქრაძე - შეხვედრაზე შევდივართ იმ განწყობით, რომ მოვძებნოთ გამოსავალი, თუმცა პროცესი ბევრად გაართულა ცესკო-ს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ

დაველოდებით, რას წარმოადგენს „ქართული ოცნება“, მაგრამ დიალოგის პროცესი ძალიან გაართულა ცესკო-ს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია შეხვედრაზე იმ განწყობით შედის, რომ მოიძებნოს გამოსავალი, თუმცა ცესკო-მ ნებისმიერი გადასინჯვისთვის კარი დაკეტა.

„დაველოდებით, რას წარმოადგენს „ქართული ოცნება“, მაგრამ დიალოგის პროცესი ძალიან გაართულა ცესკო-ს მიერ გუშინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც მიღებულ იქნა ვადების დაჩქარებით, ოპოზიციისთვის სასამართლოს უფლების წართმევით და კანონის პირდაპირი დარღვევით. ეს არის რეალური პასუხი ხელისუფლების მხრიდანაც მიმდინარე დიალოგსა და სიტუაციის ნორმალიზების მცდელობაზე. ამიტომ ისედაც რთული დიალოგის პროცესი კიდევ უფრო გართულდა. დანარჩენს დაველოდოთ და  შევხედავთ.

ჩვენ შევდივართ იმ განწყობით, რომ მოვძებნოთ გამოსავალი და ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან, რამდენად მზად არის ხელისუფლება ამ ფონზე კრიზისიდან გამოსასვლელად ნაბიჯი გადადგას, ამას  ვნახავთ, თუმცა ვიმეორებ, ისედაც რთულ პროცესი ბევრად გაართულა ცესკო-ს გუშინდელმა უკანონო გადაწყვეტილებამ, რომელმაც პრაქტიკულად დაკეტა კარი ნებისმიერი გადასინჯვისთვის, შედეგების გადათვლას ვეღარ შემოგთავაზებენ ცესკო-ს გადაწყვეტილების შემდეგ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პოლიტიკური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩთან ერთად ესწრება საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

შეგახსენებთ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინდელ სხდომაზე საოლქო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელ ოქმებზე ოპოზიციისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილი საჩივრები არ დააკმაყოფილა.