დავით ბაქრაძე - ქვეყანაში არასტაბილურობას რამე თუ შექმნის, ეს კენჭისყრაზე პროპორციული სისტემის ჩაგდება იქნება
დავით ბაქრაძე - ქვეყანაში არასტაბილურობას რამე თუ შექმნის, ეს კენჭისყრაზე პროპორციული სისტემის ჩაგდება იქნება

ორი დღის განმავლობაში ჩვენ, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, შეურაცხყოფებს, ასევე მიუღებელ და აგრესიულ გამოსვლებს ვითმენთ, – განუცხადა ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

„ეს ერთადერთი მიზეზით ხდება. არ მივცეთ საბაბი უმრავლესობას, რომ ოპოზიციასთან კონფლიქტის საბაბით ჩააგდონ და არ მიიღონ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება. დღესაც კიდევ ერთი დღე მაქსიმალურად თავშეკავებული ვიქნები, რომ არავის მიეცეს საბაბი, რომ ისრები ოპოზიციისკენ გადმოიტანოს, თითქოს ეს ჩვენთან დაპირისპირების გამო ხდება.

ქვეყანა დგას ძალიან სერიოზული პოლიტიკური კრიზისის და სერიოზული განსაცდელის წინაშე. ქვეყანაში არასტაბილურობას რამე თუ შექმნის, ეს კენჭისყრაზე პროპორციული სისტემის ჩაგდება იქნება. ამაზე პასუხისმგებელი მთლიანად „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი იქნება, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ამას ვიტყვი დღეს მხოლოდ და ხვალინდელ კენჭისყრას დაველოდები. ვინაიდან ამ ადამიანებისგან განსხვავებით, ვინც საკუთარი თავით ვაჭრობენ, ჩვენ ქვეყნის, სტაბილურობისა და ჩვენი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა გვაქვს. ამიტომ, არ მინდა, მივცე თუნდაც უმცირესი საბაბი იმისთვის, რომ ისარი ოპოზიციისკენ გადმოიტანონ. პასუხისმგებლობა მთლიანად მათ მხარესაა. კიდევ ერთი დღე მაქსიმალური თავშეკავებით დაველოდებით მათ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, მაჟორიტარების აჯანყება იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იმიტირებული, ბაქრაძემ აღნიშნა, რომ „ეს არის ეს აჯანყება, სპექტაკლი თუ შეთქმულება, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა“.

„ამ გუნდმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მათ პასუხისმგებლობა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი არ აქვთ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.