დავით ბაქრაძე - პრეზიდენტის შეფასებებს ვიზიარებ, ეს იყო დასაწყისი და იმედია, მომავალ შეხვედრებზე დეტალურად გავივლით ყველაფერს
დავით ბაქრაძე - პრეზიდენტის შეფასებებს ვიზიარებ, ეს იყო დასაწყისი და იმედია, მომავალ შეხვედრებზე დეტალურად გავივლით ყველაფერს

პრეზიდენტის მთელ რიგ შეფასებებს ვიზიარებ, რაც მოვისმინე, რა რთული მდგომარეობაა ქვეყანაში, როგორ ხდება ახალგაზრდების გადინება, რამდენად დიდ პრობლემას ქმნის დაპირისპირება. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი საკმაოდ ადეკვატური იყო, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც დავით ბაქრაძემ სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა იყო პირველი, შესაბამისად, კონკრეტული არაფერი თქმულა, თუმცა ბაქრაძე იმედოვნებს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებისას პრეზიდენტისგან გარკვეულ საკითხებზე მეტი კონკრეტიკა იქნება.

„დღეს ჩვენ კონკრეტიკა ვერ მოვისმინეთ. მქონდა პრეზიდენტთან საუბარი, მას დავუსვი კითხვები, რა უნდა გაკეთდეს პოლიტიკური დევნის დასასრულებლად და იმისთვის, რომ პოლიტიკური ლიდერები არ იყვნენ ციხეში. მისი მხრიდან არის სრული მზადყოფნა, რომ პროცესი გაგრძელდეს. ის მზად არის, შეხვდეს ყველა პოლიტიკურ პარტიას კონკრეტულ დეტალებზე სასაუბროდ. იმედი მაქვს, იმის გამო, რომ ეს იყო პირველი შეხვედრა, ჩავთვალოთ, რომ დეტალებზე საუბარი არ შედგა. იმედი მაქვს შემდეგ პროცესში, როდესაც პარტიებთან შეხვედრა შედგება, ყველა დეტალზე იქნება საუბარი. პოლიტიკური დევნის დასრულების გარეშე ეროვნული თანხმობა ჩვენთვის არის წარმოუდგენელი. დღეს მე ამაზე პრეზიდენტის შეფასება ვერ მოვისმინე. მისი მხრიდან არსებობს მზაობა, რომ ყველა ეს საკითხი გაიაროს პარტიებთან შეხვედრის დროს. არ მინდა კარი დავხურო, არ მინდა ვთქვა, რომ ეს იყო საბოლოო, რაც მოვისმინეთ. ეს იყო დასაწყისი და იმედი მაქვს, შემდეგ, როდესაც შედგება ჩვენი შეხვედრები დეტალურად გავივლით ყველაფერს. ვიდრე პოლიტიკური ლიდერები იმყოფებიან ციხეში ან დაჭერის საფრთხის ქვეშ, ეროვნული შერიგება და თანხმობა ვერ შედგება. ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, მაგრამ პირველი ნაბიჯი არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და იმედი მაქვს, კონკრეტულ შეხვედრებზე ეს საკითხები დეტალურად იქნება გავლილი“, – განაცხადა ბაქრაძემ.