დავით ბაქრაძე - „ოცნებამ“ გუშინ გამოავლინა პოლიტიკური უმწიფრობა, მათთვის პირადი ინტერესები ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოებისთვის მიცემული სიტყვა
დავით ბაქრაძე - „ოცნებამ“ გუშინ გამოავლინა პოლიტიკური უმწიფრობა, მათთვის პირადი ინტერესები ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოებისთვის მიცემული სიტყვა

„ოცნებამ“ გუშინ გამოავლინა პოლიტიკური უმწიფრობა, მათთვის პირადი ინტერესები ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოებისთვის მიცემული სიტყვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განუცხადა.

ბაქრაძის თქმით, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ პროპორციულ სისტემაზე არგადასვლა მკვეთრად შეამცირებს პოლიტიკურ სივრცეს და პროცესებს გადაიყვანს რადიკალიზაციისა და ქუჩის კალაპოტში.

„ეს არ არის „ევროპული საქართველოს“ გაზრახვა და ჩვენი ამოცანაა, საარჩევნო გზით დავამარცხოთ „ოცნება“. გადაწყვეტილება და ბურთი არის ახლა „ოცნების“ ხელში. ეს არის მათი პასუხისმგებლობა, ვინაიდან ისინი გადაუხვევენ მიცემულ სიტყვას. მაშინ ოპოზიციას, საზოგადოებასა და მოქალაქეებს სხვა გზა არ დარჩება, ქუჩაში გამოვა და პროცესები წავა უკიდურესად რადიკალური მიმართულებით“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, თუნდაც თვითგადარჩენის ინსტინქტი, რომ არ დაუშვას და მიიღოს დღეს შესაბამისი გადაწყვეტილება პირველ მოსმენაზე, ისევე, როგორც შემდეგ მოსმენაზე.

„პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლების ხელშია, სწორედ მათი ნაბიჯები განსაზღვრავს, როგორი იქნება შემდგომი წლები ქვეყანაში; მივალთ ნორმალურ არჩევნებამდე და ყველაფერი წავა მშვიდობიანად თუ მოხდება პროცესების რადიკალიზაცია და ქვეყანაში მართლად იქნება ის არეულობა და დესტაბილიზაცია, რაზეც გუშინ მითიური საფრთხეების ფორმით საუბრობენ უმრავლესობის წევრები. ფუნდამენტური დაპირებები უნდა შესრულდეს, როგორი აზრთა სხვადასხვაობაც უნდა იყოს გუნდში. „ოცნებამ“ გუშინ გამოავლინა პოლიტიკური უმწიფრობა და მეორე მხრივ, მათი პირადი ინტერესები ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოებისთვის მიცემული სიტყვა და ქვეყნის სტაბილურობა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.