დავით ბაქრაძე – ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილი, მსოფლიოს ლიდერებთან ერთად, მაღალი ტრიბუნიდან მიმართავს საზოგადოებას და ყურადღებას გაამახვილებს პროგრესზე, რომელიც საქართველომ განიცადა

12:00, 22.09.2025

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიოს ლიდერებთან ერთად, მაღალი ტრიბუნიდან მიმართავს საზოგადოებას და გაამახვილებს ყურადღებას საქართველოში მიღწეულ პროგრესზე, განსაკუთრებით გაერო-ს პრინციპებთან მიმართებით.

ბაქრაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი მიწვეულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე. ამავდროულად, ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი გამართავს სხვადასხვა შეხვედრას.

„დღეს დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი ნიუ იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. როგორც მოგეხსენებათ, წელს ეს ორგანიზაცია აღნიშნავს 80 წლისთავს. იგეგმება საიუბილეო სესია. მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, მსოფლიოს ლიდერებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს მაღალი ტრიბუნიდან საზოგადოებას და გაამახვილებს ყურადღებას იმ წინსვლაზე, პროგრესზე, რომელიც საქართველომ განიცადა, განსაკუთრებით გაერო-ს პრონციპებთან მიმართებაში. ეს პრინციპებია, რასაკვირველია, პირველ რიგში, მშვიდობა და უსაფრთხოება, ამ თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები. ეს არის უპრეცედენტო ეკონომიკური წინსვლა, ადამიანის უფლებები, ეს არის მოსახლეობის ღირსეული თვითრეალიზაციის შესაძლებლობები. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ასევე მიწვეულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე. საქართველოს პრეზიდენტი გამართავს შეხვედრას გაერო-ს გენერალურ მდივანთან, სადაც ტრადიციულად განხილული იქნება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება. ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ნდობის აღდგენის კუთხით. მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან. კვირის განმავლობაში, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციაში მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საკითხთა მინისტრები გამართავენ შეხვედრებს თავიანთ კოლეგებთან, მიმართავენ სხვადასხვა დისკუსიის ფარგლებში გამართული ღონისძიებების დამსწრე საზოგადოებას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, ტრადიციულად, აშშ-ის პრეზიდენტი წელსაც მასპინძლობს ნიუ იორკში ვიზიტით მყოფი მსოფლიო ლიდერების მიღებას.

„ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, რათა კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს საქართველოს, საქართველოს ხელისუფლების, მისი მოსახლეობის მზაობა, რომ ახალი ფურცლიდან განახლდეს და გაძლიერდეს ორმხრივი ურთიერთობები“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მიხეილ ყაველაშვილი ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა.

მსგავსი