დავით ბაქრაძე - მთავრობა ყველანაირად უშლის ხელს კონსორციუმს, ვალდებულებები შეასრულოს
დავით ბაქრაძე - მთავრობა ყველანაირად უშლის ხელს კონსორციუმს, ვალდებულებები შეასრულოს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მთავრობა ცალი ხელით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პრობლემებს უქმნის, მეორეთი კი ცდილობს, ნეიტრალური არბიტრის როლი შეასრულოს.

ბაქრაძის შეფასებით, შექმნილ პირობებში არ იქნება გასაკვირი, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვალდებულებები ვერ შეასრულოს.

„ერთი ხელით მთავრობა ყველანაირად პრობლემებს უქმნის ანაკლიის კონსორციუმს, რომ  არ იყოს წარმატებული და ვერ შეასრულოს ვალდებულებები, მეორე ხელით კი ცდილობს ისე იმოქმედოს, როგორც ნეიტრალურმა არბიტრმა, განსაჯოს შეასრულა თუ ვერა კონსორციუმმა ვალდებულებები.

გაგვიკვირდება, რომ შეასრულოს ვალდებულებები იმ პირობებში, როდესაც ამ კონსორციუმის ორი მთავარი დამფუძნებელი იმყოფება სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ, როდესაც ის დატოვა ყველაზე მსხვილმა ამერიკელმა ინვესტორმა, როდესაც კონსორციუმში მოყვანილი ახალი ინვესტორები დაიწუნა ხელისუფლებამ და მინისტრმა, რომელიც დღეს არბიტრის სახით გამოდის. ასეთ პირობებში, როცა მთავრობა ყველანაირად უშლის ხელს კონსორციუმს, რომ ვალდებულებები შეასრულოს, როცა მთავრობა სიგნალს უგზავნის საერთაშორისო ინვესტორებს, რომ ამ პროექტს გააჩნია პრობლემა და ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს, სრულიად არ იქნება გასაკვირი, რომ მან ვალდებულება ვერ შეასრულოს. ეს იქნება მთავრობის ბრალი და არა, კონსორციუმის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს ეწურება. როგორც ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა,  2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოშალოს მხარეთა შორის ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება.