დავით ბაქრაძე მამუკა ხაზარაძეს სთავაზობს, პარლამენტში მივიდეს და ყველაფერზე ღიად ისაუბროს
დავით ბაქრაძე მამუკა ხაზარაძეს სთავაზობს, პარლამენტში მივიდეს და ყველაფერზე ღიად ისაუბროს

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი დავით ბაქრაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეს სთავაზობს, პარლამენტში მივიდეს და ყველაფერზე ღიად ისაუბროს.

როგორც დღეს ბაქრაძემ განაცხადა, ხაზარაძე უნდა დაესწროს საკომიტეტო მოსმენას, რომელზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე იქნება.

„მაქვს კონკრეტული შეთავაზება მამუკა ხაზარაძისა და „თიბისი ბანკის“ მიმართ, მობრძანდეს პარლამენტში, დაესწროს იმ საკომიტეტო მოსმენას, სადაც იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. მან გუშინ გამოთქვა მზადყოფნა, რომ საზოგადოებას მიაწვდის დოკუმენტებსა და ინფორმაციას. ამიტომ მაქვს შეთავაზება, მობრძანდეს, ამ კომიტეტის სხდომაზე და პარლამენტის წევრებთან ერთად საზოგადოებისთვის ღიად და გასაგებად ვისაუბროთ ყველაფერზე, რა ხდება, რა მდგომარეობაა და რა პრეტენზიები აქვს ეროვნულ ბანკს „თიბისი ბანკის“ მიმართ და პირიქით“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს იქნება საზოგადოებისთვის ყველაზე მისაღები ფორმა, რომ საპარლამენტო ფორმატში „თიბისი ბანკის“  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ღიად, არგუმენტებით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და არგუმენტებით გაირკვეს, რომელი მხარე არის მართალი და რომელ მხარეს რა პრეტენზია აქვს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

როგორც გუშინ გამართულ ბრიფინგზე მამუკა ხარაძემ განაცხადა, აშფოთებს ფაქტი, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა, ეროვნული ბანკი გამოძიების დამთავრებამდე აკეთებს განცხადებას.  ამასთან, მისი თქმით, მზად არის, ეროვნულ ბანკთან დიალოგის რეჟიმში წარიმართოს სიტუაციიდან გამოსავლის ძიება, რათა თავიდან იყოს აცილებული ქვეყნის ეკონომიკაზე შესაძლო ნეგატიური ზეგავლენა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას 2018 წლის 2 აგვისტოდან აწარმოებს.