დავით ბაქრაძე - ხელისუფლებას აქვს პოზიცია, რომ არ გააღიზიანოს რუსეთი და ყველაფერი აბაშიძე-კარასინის ფორმატში მიუშვა
დავით ბაქრაძე - ხელისუფლებას აქვს პოზიცია, რომ არ გააღიზიანოს რუსეთი და ყველაფერი აბაშიძე-კარასინის ფორმატში მიუშვა

გრიგორი კარასინის და რუსეთის ხელისუფლებისგან კარგის მოლოდინი არ გვაქვს და არც უნდა გვქონდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში პრეტენზია გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან, რომელმაც პროცესი აბაშიძე-კარასინის ფორმატში მიუშვა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ კარასინი-აბაშიძის დიალოგია საქართველოს უსაფრთხოების მომავალი გასაღებია და უარს თქვა დასავლელ პარტნიორებთან აქტიურ თანამშრომლობაზე.

„დღეს საქართველო არ ფიგურირებს არც ერთი სანქციების სიაში, ყველა სანქცია ეხება უკრაინას და არა საქართველოს, ეს იყო ჩვენი ხელისუფლების შეგნებული ნაბიჯი. ხელისუფლებას აქვს პოზიცია, რომ არ გააღიზიანოს რუსეთი და ყველაფერი კარასინი – აბაშიძის ფორმატში მიუშვა, ვხედავთ ამის შედეგებს – კარასინი პირდაპირ გვემუქრება. რუსეთს რა უნდა საქართველოში, ყველამ კარგად იცის, პრეტენზია უნდა გვქონდეს ხელისუფლებასთან, ხელისუფლების პოლიტიკა შესაცვლელია. რაც უფრო აქტიურად იქნება დასავლეთის დღის წესრიგში საქართველო, მით უფრო დაცული ვიქნებით ასეთი მუქარისგან, ადრესატი უნდა იყოს ხელისუფლება და არა კარასინი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

​გრიგორი კარასინმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რუსულ მედიას განუცხადა, რომ „საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება და მის ტერიტორიაზე ნატო-ს მასშტაბური სწავლებები რუსეთთან ურთიერთობების განვითარებას ხელს უშლის“.