დავით ბაქრაძე - გამოსავალი არის „ქართული ოცნების“ გუნდის სახლში გაშვება და ახალი ხელისუფლების მოსვლა
დავით ბაქრაძე - გამოსავალი არის „ქართული ოცნების“ გუნდის სახლში გაშვება და ახალი ხელისუფლების მოსვლა

გამოსავალი არის მხოლოდ ერთი – არა შიდა გადანაცვლებები „ქართული ოცნების“ გუნდში, არამედ ამ გუნდის მთლიანად, ერთიანად, მშვიდობიანად სახლში გაშვება და ახალი ხელისუფლების მოსვლა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მამუკა ბახტაძის გადადგომის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

„გაუფასურებული ლარი, გაძვირებული ცხოვრება, კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა, გაზრდილი სამთავრობო ხარჯები, „გავრილოვის ღამე“ – ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმის, რითი დაამახსოვრა თავი ამ ერთი წლის განმავლობაში ბახტაძის მთავრობამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ამიტომ ნებისმიერი საუბარი მისი მხრიდან რაღაც ინსტიტუციურ ჩარჩოებზე, მომავალი წლების განვითარების სახელმძღვანელოებზე და მსგავსი მაღალფარდოვანი ფრაზები, უბრალოდ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს მთავრობა მთლიანად მოწყდა რეალობას. მათ ისიც კი აღარ ესმით, რა სჭირდება ქვეყანას, ამიტომ გამოსავალი არის მხოლოდ ერთი – არა შიდა გადანაცვლებები „ქართული ოცნების“ გუნდში, არამედ ამ გუნდის მთლიანად, ერთიანად, მშვიდობიანად სახლში გაშვება და ახალი ხელისუფლების მოსვლა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს განცხადება გაავრცელა, რომ თანამდებობას ტოვებს.  ცოტა ხნის წინ მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: „ჩემთვის იყო დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუსიხსმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს“.