დავით ბაქრაძე - „ევროპული საქართველო“ ერთჯერადად დაარღვევს ბოიკოტს, შევალთ პარლამენტში, რათა მხარი დავუჭიროთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას
დავით ბაქრაძე - „ევროპული საქართველო“ ერთჯერადად დაარღვევს ბოიკოტს, შევალთ პარლამენტში, რათა მხარი დავუჭიროთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას

„ევროპული საქართველო“ ერთჯერადად დაარღვევს ბოიკოტს, შევალთ პარლამენტში, რათა მხარი დავუჭიროთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, – ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში მთავარი ამოცანაა, არ იყოს დაშვებული კორონავირუსის გავრცელება.

„ამოცანაა, დავიცვათ ჩვენი საზოგადოება იმ უხილავი, მაგრამ დაუნდობელი მტრისგან, რომელიც ემუქრება ჩვენი საზოგადოების წევრების ჯანმრთელობას, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. კარგად გვესმის ისიც, რომ ამ ბრძოლაში მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ხელისუფლებას უნდა გქონდეს ყველა ის ბერკეტი, რომელიც საჭიროა ქვეყანაში აუცილებელი ღონისძიებების გატარებისთვის და ვირუსის დამარცხებისთვის.

ამავე დროს, ყველას გვეკისრება ჩვენი პასუხისმგებლობა და დღეს არის დრო, რომ პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალებმა აჩვენონ ერთიანობა ამ საქმესთან ბრძოლაში, ყველამ შეიტანოს საკუთარი წვლილი კორონავირუსის დამარცხებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ევროპული საქართველო“ დღეს გამონაკლისის სახით, ერთჯერადად დაარღვევს პოლიტიკურ ბოიკოტს. ჩვენ ვაპირებთ, შევიდეთ პარლამენტის სხდომაზე და მხარი დავუჭიროთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობას აქვს კონკრეტული შეზღუდვები, შეიძლება ჰქონდეს არასასურველი გვერდითი ეფექტები.

„ამიტომ, ნეგატიური პროცესების მინიმიზაციისთვის, ჩვენი ხედვით, საგანგებო მდგომარეობა მკაფიოდ უნდა იყოს ვადაში გაწერილი და ჩამოთვლილი კონკრეტული ღონისძიებები, რა ფორმით და რა პირობებში ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. სხვა შეზღუდვებთან ერთად, იკრძალება 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება. გიორგი გახარიას თქმით, შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს.