დავით ბაქრაძე - ევროპარლამენტის მისიის მოწვევის ინიციატივას პარტნიორების მოტყუების ხასიათი არ უნდა ჰქონდეს
დავით ბაქრაძე - ევროპარლამენტის მისიის მოწვევის ინიციატივას პარტნიორების მოტყუების ხასიათი არ უნდა ჰქონდეს

„ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ბაქრაძე გიგი უგულავას საქმის შესასწავლად ევროპარლამენტის მისიის მოწვევის საკითხზე აცხადებს, რომ მმართველი პარტიის ამ ინიციატივას პარტნიორების მოტყუების ხასიათი არ უნდა ჰქონდეს.

„ინიციატივას არ უნდა ჰქონდეს პარტნიორების მოტყუების ხასიათი ისე, როგორც წინა კვირას. პარლამენტის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი იყვნენ კონგრესში და პირდაპირ ატყუებდნენ კონგრესმენებს, რომ არსებობს დიალოგი და არავის დაჭერას არ აპირებენ. ამ დროს, პარალელურად გიგი უგულავა დააპატიმრეს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, მმართველი გუნდის ახალი ინიციატივა „არ უნდა იყოს ცეცხლის ჩაქრობის მცდელობა, როგორმე დღევანდელი კრიტიკა ჩააქრონ, დღეს გააჩერონ ევროპარლამენტარები და კონგრესმენები“.

ამასთან, ბაქრაძის თქმით, საერთაშორისო ჩართულობას არათუ მხარს უჭერენ, თავად უზრუნველყოფენ, რომ გიგი უგულავას საქმის მიმართ მეტი საერთაშორისო ყურადღება იყოს. მისივე თქმით, საერთაშორისო ზეწოლა არის ბერკეტი შიდა სამართლიანობისთვის.

„ევროპარლამენტარები იცნობენ ამ საქმეს. მთელი ეს რიტორიკა, რომ საქმეს არ იცნობენ და ასე აკეთებენ განცხადებას, არის პირდაპირ ტყუილი. ჩვენი ბევრი კოლეგისგან განსხვავებით საქართველოს პარლამენტში, ამერიკელი კონგრესმენები და ევროპარლამენტარები ჩამოყალიბებული პოლიტიკოსები არიან, აკეთებენ იმ განცხადებებს, რაც იციან“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს თბილისის ყოფილ მერს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მას შემდეგ, რაც აღნიშნულ საქმეზე კითხვები გაჩნდა, გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტს შესთავაზა, უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს.