დავით ბაქრაძე - ჩვენმა ხალხმა აჩვენა, რომ საქართველოში ცვლილებებისთვის აუცილებელი აღარ არის ქუჩა, რევოლუცია და ბარიკადი
დავით ბაქრაძე - ჩვენმა ხალხმა აჩვენა, რომ საქართველოში ცვლილებებისთვის აუცილებელი აღარ არის ქუჩა, რევოლუცია და ბარიკადი

ჩვენმა ხალხმა და საზოგადოებამ აჩვენა, რომ ქართული საზოგადოება გაიზარდა და საქართველოში ცვლილებებისთვის აუცილებელი აღარ არის ქუჩა, რევოლუცია და ბარიკადი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი ძალიან მშვიდად, გააზრებულად, მზად არის ხელისუფლების შესაცვლელად საარჩევნო ყუთთან, როგორც ეს განვითარებულ, დასავლურ დემოკრატიებში ხდება. თუმცა, ბაქრაძის განცხადებით, ცვლილებას სჭირდება შესაბამისი პირობების შექმნა.

„ამიტომ ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის მთავარი ამოცანა და მიზანი მომდევნო პერიოდში შესაბამისი პირობების შექმნა იქნება, რომ საქართველოში ხალხმა არჩევნების გზით გამოხატოს საკუთარი ნება, მათ შორის შეცვალოს ხელისუფლება. ამისთვის, მთავარი კომპონენტი იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლა და დაუყოვნებლივ გადასვლა პროპორციულ ან რეგიონულ-პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რასაც უნდა მოყვეს პარლამენტის არჩევნები, ვინაიდან დღევანდელი შემადგენლობა ვეღარ ასახავს ქვეყანაში პოლიტიკურ განწყობას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამასთან, „ევროპული საქართველო“ მნიშვნელოვნად მიიჩნევს, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესის შექმნას.

ასევე „ევროპული საქართველო“ ინიციატივით გამოდის, დამოუკიდებელი პროკურორის ინსტიტუტი და სპეციალური აუდიტის სამსახური შეიქმნას, რომლებიც საარჩევნო პერიოდში იმუშავებენ.

„ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას სპეციალური, დამოუკიდებელი პროკურორის ინსტიტუტი და სპეციალური აუდიტის სამსახური, რომლის ხელმძღვანელებსაც წარადგენს ოპოზიცია არასამთავრობო სექტორთან ერთად და, რომლის ერთადერთი ამოცანა იქნება, იმუშაოს საარჩევნო პერიოდში, გამოიძიოს ყველა ფაქტი, რომელიც უკავშირდება საარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მოსყიდვას, შავი ფულის ბრუნვას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ დღევანდელი პროკურატურა და აუდიტის სამსახური კონტროლდება ხელისუფლების მხრიდან და ამას ვერ აკეთებს.

გარდა ამისა, „ევროპული საქართველო“ ახლო მომავალში საარჩევნო წინადადებების პაკეტს წარადგენს.

„უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება სპეციალური საარჩევნო წინადადებების პაკეტი, რომლითაც დავარეგულირებთ ისეთ პრობლემას, რაც განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა არჩევნებზე, ეს იყო ხმის მიცემის ფარულობის საკითხი, ამომრჩეველზე ზეწოლა, მათ შორის კრიმინალური ელემენტების გამოყენებით და ადმინისტრაციული რესურსი“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში იგეგმება კონსულტაციების დაწყებას ოპოზიციურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ამასთან, დავით ბაქრაძემ დღეს განაცხადა, რომ „ევროპული საქართველო“ კვირას, 2 დეკემბერს რუსთაველის გამიზრზე დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს.