„ევროპული საქართველო“ 2 დეკემბრისთვის დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს
„ევროპული საქართველო“ 2 დეკემბრისთვის დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს

„ევროპული საქართველო“ კვირას, 2 დეკემბერს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარტია სრულად სოლიდარულია თითოეული ადამიანის მიმართ, ვინც მიდის აქციაზე უსამართლობის გასაპროტესტებლად, მაგრამ აქციის ორგანიზებაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, ქვეყანაში შევქმნათ პოლიტიკური გარემო, სადაც ხალხს ექნება თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება,  მშვიდად, თავისუფალი არჩევნების გზით აირჩიოს ის ხელისუფლება, რომელიც სურს. შექმნილ ვითარებაში სრულიად გასაგები და ლეგიტიმურია თითოეული ადამიანის წუხილი, ვისაც მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის გაპროტესტება უნდა მოხდეს კანონიერი საპროტესტო საშუალებებით. „ევროპულ საქართველოს“ მიაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლის გზა გადის პოლიტიკურ რეფორმებზე და არა საპროტესტო აქციებზე. შესაბამისად, პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონკრეტულად კვირას დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ჩვენ სრულად ვართ სოლიდარული თითოეული ადამიანის მიმართ, ვინც მიდის აქციაზე საკუთარი პროტესტის გამოსახატად და უსამართლობის გასაპროტესტებლად, მაგრამ პარტია აქციის ორგანიზებაში მონაწილეობას არ მიიღებს. ჩვენ ვთავაზობთ ოპოზიციურ სპექტრს დაუყონებლივ კონსულტაციებს გრძელვადიანი სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად”, – განაცხადა ბაქრაძემ.